ENGLISH
 

02.10.2006   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნულ ბანკში რუსეთიდან საქართველოში საბანკო გადარიცხვების შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით დროებითი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

  საქართველოს ეროვნულ ბანკში მუშაობა დაიწყო დროებითმა სამუშაო ჯგუფმა, რომელსაც დაევალა, ღონისძიებათა გეგმის შემუშავება რუსეთიდან საქართველოში საბანკო გადარიცხვებისა და ელექტრონული ფულადი გზავნილების განხორციელების შესაძლო შეზღუდვების გავლენისა და შესაძლო ზარალის თავიდან ასაცილებლად. კომისიას საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ღლონტი უხელმძღვანელებს.   იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი ფულადი გზავნილებისა და საბანკო გადარიცხვების შეზღუდვის სანქციას დააწესებს, ქართული მხარე იმოქმედებს საერთაშორისო ნორმების შესაბამისად. რაც შეეხება ფულადი გზავნილების საერთაშორისო სისტემების მეშვეობით გადარიცხვების შეზღუდვის მცდელობას, მაგალითად, ისეთის, როგორიცაა „ვესტერნ იუნიონი“, სერიოზულ ზიანს მოუტანს რუსეთის საფინანსო სისტემას რეპუტაციისა და პრაქტიკული შედეგების თვალსაზრისით.   „ქართველები, მრავალი მილიონი ადამიანის მსგავსად, რომლებიც რუსეთში სამუშაოს საძებნელად არიან წასულნი, უზარმაზარ სიმდიდრეს ქმნიან, პირველ რიგში, რუსეთისათვის და ხელს უწყობენ ამ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ისინი პატიოსანი გზით ნაშოვნ სახსრებს, ხელფასის სახით მიღებულ თანხას სამშობლოში გადმორიცხავენ, რუსეთში დახარჯავენ, თუ სხვა ქვეყანაში გამოიყენებენ, არც მორალურად, არც სამართლებრივად და არც ფინანსურად არავის გადასაწყვეტი არ არის,“ – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ.   საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2006 წლის იანვარ-აგვისტოში უცხოეთიდან საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული ანგარიშსწორების სხვადასხვა სისტემების საშუალებით, დაახლოებით, 324 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2005 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, დაახლოებით, 94 მლნ აშშ დოლარით აღემატება.   რაც შეეხება ფულადი გზავნილების სტრუქტურას, 2006 წლის დასაწყისიდან რვა თვის განმავლობაში საქართველოში უცხოური არხებით შემოსული თანხებიდან ყველაზე მეტი, დაახლოებით, 219 მლნ აშშ დოლარი (67.5%) რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა, 32 მლნ აშშ დოლარი (9.8%) –  ამერიკის შეერთებული შტატებიდან და 9.8 მლნ აშშ დოლარი (3%) – საბერძნეთიდან.    საქართველოს ეროვნული ბანკი მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს გამოიყენებს, რათა არ შეფერხდეს საქართველო-რუსეთს შორის საბანკო ანგარიშსწორება.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service