ENGLISH
 

20.10.2005   ბეჭდვა
რომან გოცირიძე ნიდერლანდების სამეფოში საქმიან შეხვედრებს გამართავს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე   ნიდერლანდების სამეფოში ვიზიტით მიემგზავრება.   ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებულია შეხვედრა ნიდერლანდების ცენტრალური  ბანკის ხელმძღვანელობასთან. საუბარი შეეხება ორი ქვეყნის საბანკო სისტემებს შორის ურთიერთანამშრომლობას.   დაგეგმილია შეხვედრები ჰოლანდიის სამეფო ზარაფხანის,  ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიისა და ბანკნოტების მწარმოებელი კომპანიების Johan Enschede-ისა და Kusters-ის ხელმძღვანელებთან.   ვიზიტის ფარგლებში განიხილება თბილისის გარეუბანში საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი საკასო ცენტრის ორგანიზებისათვის ნიდერლანდების მხარის მიერ ფინანსურ-ტექნიკური და მეთოდოლოგიური დახმარების  საკითხი. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად გრანტის გამოყოფის თაობაზე საკითხს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განიხილავს.   საქართველოს ეროვნული ბანკი, საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით, საერთაშორისო პრაქტიკისა და ქალაქ თბილისის განვითარების პერსპექტივის შესაბამისად, ნაღდი ფულის სალაროსა და ფასეულობის საცავის განთავსებას  ქალაქგარეთ გეგმავს, სპეციალური ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილ შენობაში. ახალი საკასო ცენტრი გააკონტროლებს ნაღდი ფულით განხორციელებულ ყველა ოპერაციას და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მოახდენს ფასეულობასთან დაკავშირებული ყოველგვარი საქმიანობის ერთიან, დახურულ სივრცეში უსაფრთხო წარმოებას.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service