ENGLISH
 

26.10.2005   ბეჭდვა
ნიდერლანდების ეროვნული ბანკი საქართველოს ტექნიკურ დახმარებას გაუწევს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ნიდერლანდების ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ნოუტს ველინკს შეხვდა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ნიდერლანდების ეროვნულ ბანკებს შორის ურთიერთობის დამყარების საკითხებს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ეროვნული ბანკისათვის ნაღდი ფულისა და უცხოური ვალუტის რეზერვების მართვის საკითხებში ნიდერლანდების მხარის შესაძლო დახმარებას.   ნიდერლანდებში უკვე 10 წელია, რაც რეგიონული საკასო ცენტრების რესტრუქტურიზაციისა და ოპტიმიზაციის პროცესი მიმდინარეობს. ქვეყნის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამ საკითხით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ მსგავსი პროცესი საქართველოშიც მიმდინარეობს. მისი თქმით, ნიდერლანდების გამოცდილების გაზიარება საქართველოსათვის მნიშვნელოვანია.    საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ თავისი ჰოლანდიელი კოლეგა საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია.   ვიზიტის პროგრამით დაგეგმილი იყო შეხვედრა ბანკნოტების მწარმოებელი კომპანიის Johan Enschede-ის ოფისში, რომელმაც საქართველოსთვის უკვე დაბეჭდა 1, 2 და 5 ლარის ნომინალის ბანკნოტები. ასევე გათვალისწინებულია შეხვედრა ნიდერლანდების სამთავრობო სააგენტო – ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიაში. ვიზიტის ფარგლებში განიხილება თბილისის გარეუბანში საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი საკასო ცენტრის ორგანიზებისათვის ნიდერლანდების მხარის მიერ ფინანსურ-ტექნიკური და მეთოდოლოგიური დახმარების  საკითხი. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად გრანტის შესაძლო გამოყოფის თაობაზე საკითხს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანიის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განიხილავს.   საქართველოს ეროვნული ბანკი, საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით, საერთაშორისო პრაქტიკისა და ქალაქ თბილისის განვითარების პერსპექტივის შესაბამისად, ნაღდი ფულის სალაროსა და ფასეულობის საცავის განთავსებას  ქალაქგარეთ, სპეციალური ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილ შენობაში გეგმავს. ახალი საკასო ცენტრი გააკონტროლებს ნაღდი ფულით განხორციელებულ ყველა ოპერაციას და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მოახდენს ფასეულობასთან დაკავშირებული ყოველგვარი საქმიანობის ერთიან, დახურულ სივრცეში უსაფრთხო წარმოებას.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service