ENGLISH
 

02.11.2005   ბეჭდვა
სტამბულში საერთაშორისო საბანკო-საფინანსო კონფერენცია გაიმართება

სტამბულში (თურქეთი) 9-10 ნოემბერს კასპიის რეგიონის, ცენტრალური აზიისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების ყოველწლიური, რიგით მესამე საერთაშორისო საბანკო-საფინანსო კონფერენცია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა.   კონფერენცია წარმომადგენლობითი იქნება – დაესწრება 50 ქვეყნის 400 დელეგატი, მათ შორის, საქართველოს საბანკო ასოციაციისა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელებიც.   კონფერენციის პროგრამით გათვალისიწინებულია კასპიის რეგიონში, ცენტრალურ აზიასა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მსჯელობა.   მოხსენებებს საბანკო სისტემების განვითარების დონის, საფინანსო ბაზრების მდგომარეობისა და მისი სრულყოფის ტენდენციების, საბანკო სფეროში მომსახურების ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობაზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ცენტრალური ბანკებისა და ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელები გააკეთებენ. კონფერენციაზე ასევე დაგეგმილია კასპიის რეგიონის, ცენტრალური აზიისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების საინვესტიციო მდგომარეობის მიმოხილვა და საბანკო სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ დისკუსია.   კასპიის რეგიონის, ცენტრალური აზიისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების საბანკო-საფინანსო კონფერენცია სტამბულში პირველად 2002 წელს გაიმართა. კონფერენციის ფორმატით, მასში მონაწილეობენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (მსოფლიო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი), ცენტრალური და კომერციული ბანკების, ფინანსთა სამინისტროებისა და მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელები. გარდა ამისა, კონფერენციის მხარდამჭერთა შორის არიან შავი ზღვის აუზის ქვეყნების ეკონომიკური ფორუმი და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაც. კონფერენციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 70 საინფორმაციო საშუალება გააშუქებს, მათ შორის, The Times, NBC, Softline.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service