ENGLISH
 

24.10.2012   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 5.75 პროცენტზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, 2012 წლის 24 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 5.75 პროცენტს შეადგენს.

სექტემბერში დაბალი იყო ინფლაციისა და საბაზო ინფლაციის მაჩვენებლები. წლიურმა ინფლაციამ -0.1% შეადგინა. არსებული პროგნოზებით მოსალოდნელია, რომ შემდგომ პერიოდში ინფლაცია დაიწყებს ზომიერ ზრდას და მისი მაჩვენებელი მიზნობრივ დონეს მომავალი წლის მეორე ნახევარში დაუახლოვდება.

ეკონომიკური აქტივობის ინდიკატორები მესამე კვარტალშიც მაღალ ზრდაზე მიუთითებს, თუმცა მთლიანი შიდა პროდუქტის პოტენციურ დონიდან გადახრა ნულთან ახლოს არის. არსებული პროგნოზებით მოსალოდნელი არ არის ეკონომიკის გადახურებისა და მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზეწოლის რისკების წარმოქმნა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი სტაბილურია. სექტემბერში დაფიქსირდა რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის მცირედი გაუფასურება, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია მიმდინარე ანგარიშის გასაუმჯობესებლად. რეალური გაცვლითი კურსის აღნიშნული დინამიკა ასევე მიუთითების ეკონომიკის გადახურების რისკების არ არსებობაზე.

იქიდან გამომდინარე, რომ ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ დონეზეა და მთლიანი შიდა პროდუქტის პოტენციური დონიდან გადახრა არ არის მნიშვნელოვანი, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიიღო მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.

მონეტარული პოლიტიკის შემდეგი სხდომა 2012 წლის 21 ნოემბერს გაიმართება.

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service