ENGLISH
 

11.11.2005   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნულ ბანკში სახაზინო ვალდებულებების ელექტრონული ტესტ-აუქციონი გაიმართა

საქართველოს ეროვნულ ბანკში პირველად გაიმართა სახაზინო ვალდებულებების ტესტ-აუქციონი ელექტრონული ფორმით, რომელშიც მონაწილეობდა 11 კომერციული ბანკი.   ეროვნულ ბანკში შემუშავდა სახაზინო ვალდებულებების აუქციონის ახალი, ავტომატიზებული სისტემა, რომლის მეშვეობით აუქციონის მონაწილე ბანკებს განაცხადების ელექტრონული სახით გაგზავნის საშუალება აქვთ.    დღემდე არსებული პრაქტიკის შესაბამისად, სახაზინო ვალდებულებების აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკების მიერ წერილობით და დისკეტური სახით, კონვერტით შემოდიოდა განაცხადებები. სავარაუდოდ, მიმდინარე წლის დეკემბრიდან განახლებული სახაზინო ვალდებულებების აუქციონები ელექტრონული ფორმით განხორციელდება.    „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვის და დაფარვის შესახებ დებულებაში“ გათვალისწინებულია ცვლილებების შეტანა, რომლის მიხედვით, აუქციონის მომზადება ფინანსთა სამინისტროს შეტყობინების საფუძველზე ხდება. ემისიის რაოდენობა, აუქციონის ჩატარებისა და დაფარვის თარიღი, ასევე სხვა აუცილებელი სახის ინფორმაცია გამოქვეყნდება ინტერნეტ მისამართზე www.nbg.gov.ge/gs_auctions. ინტერნეტში გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე, დილერი ბანკები საკუთარი და კლიენტების (ბროკერების) განაცხადებს მითითებული პერიოდის განმავლობაში ამზადებენ, შიფრავენ, ელექტრონულად აწერენ ხელს და აგზავნიან ეროვნულ ბანკში XML ფორმატში.   დილერი ბანკებისა და ბროკერების განაცხადები მიიღება აუქციონის გამოცხადებიდან. მისი მიღება წყდება აუქციონის ჩატარების დღეს წინასწარ განსაზღვრულ დროს. მიღებისას განაცხადები დროის რეალურ რეჟიმში შემოწმდება, რაც, თავისთავად, გულისხმობს განაცხადისთვის საჭირო თანხის არსებობას დილერი ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე. შემოწმების შემდეგ საკორესპონდენტო ანგარიშზე აისახება ლიმიტი შესაბამისი თანხით, რომელიც მხოლოდ აუქციონის დამთავრებამდე იქნება აქტიური. განაცხადების შესაბამისი დამუშავების შედეგად სისტემა გამოავლენს აუქციონში გამარჯვებულებს.   მიმდინარე წლის 8 ივნისის შემდეგ სახელმწიფო სახაზინო ვალდებულებების აუქციონი არ გამართულა.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service