ENGLISH
 

15.11.2005   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში ლეშეკ ბალცეროვიჩის წიგნების პრეზენტაცია გაიმართება

15 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში შედგება ლეშეკ ბალცეროვიჩის ნაშრომის – „შეზღუდული სახელმწიფოსაკენ“ პრეზენტაცია. საზოგადოება ასევე გაეცნობა პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წიგნს – „თავისუფლება და განვითარება. სახელმწიფო გარდამავალ პერიოდში“, რომელიც ქართულად თარგმნა საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომელმა, ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატმა, დოცენტმა ამბროსი გრიშიკაშვილმა.     წიგნში „თავისუფლება და განვითარება. სახელმწიფო გარდამავალ პერიოდში“ მიმოხილულია ეროვნული მეურნეობის განვითარების მიმართულებები, კერძოდ, ჯანსაღი ფინანსების, დაბალი საბიუჯეტო ხარჯებისა და გადასახადების, გაწონასწორებული ბიუჯეტის მნიშვნელობა სახელმწიფოს განვითარებისათვის.   ლეშეკ ბალცეროვიჩის წიგნის ქართულ გამოცემას თან ერთვის თავად პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წინასიტყვაობა. „წიგნზე მუშაობისას ვფიქრობდი არა მარტო პოლონეთის, არამედ ყველა იმ ქვეყნის შესახებ, რომლებსაც წარსულში კომუნისტური სისტემა განვითარების საშუალებას არ აძლევდა. ვცდილობდი, მკითხველისათვის მიმეთითებინა იმ ბერკეტებსა და ძალებზე, რომლებიც დადებითად მოქმედებენ ეროვნული მეურნეობის განვითარებაზე და ქვეყანას, თუნდაც ღარიბს, წარმატებული განვითარების საშუალებას აძლევს. თუ სახელმწიფოს ფინანსები დაავადებულია, ქვეყანა ხარჯავს ბევრს და უკონტროლოდ, გადასახადები მაღალია, საგადასახადო კოდექსი კი რთული, საწარმოები პოლიტიკის გავლენის მსხვერპლნი ხდებიან, ხოლო სახელმწიფო, ნაცვლად იმისა, რომ წარმოების განვითარების კარგი და სტაბილური პირობები შექმნას, თავად იქცევა არასტაბილურობისა და კორუფციის წყაროდ. ცხადია, ასეთ დროს ქვეყანას, თუნდაც ღარიბს, უჭირს ეფექტიანი და სწრაფი განვითარება. მეცნიერული კვლევა და გამოცდილება ცხადყოფს, რომ, თუ ქვეყანა ანგარიშს უწევს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, მის განვითარებას აქვს სტაბილური და მყარი ხასიათი, მიუხედავად იმისა, თუ როგორი რთული მდგომარეობის დაძლევა უხდება მას და როგორია მისი კულტურა და ტრადიციები. ამგვარი ქვეყნების თვალსაჩინო მაგალითებია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში – სამხრეთ კორეა, ტაივანი, ტაილანდი, ჰონკონგი და სინგაპური, ლათინურ ამერიკაში – ჩილე, დასავლეთ ევროპაში – ირლანდია“, – აღნიშნულია ლეშეკ ბალცეროვიჩის მიერ ქართული გამოცემისათვის დაწერილ წინასიტყვაობაში.     „ქართულ ენაზე ჩვენ უკვე გაგვაჩნია პროფესორ ლეშეკ ბალცეროვიჩის სამი მონოგრაფიული ნამუშევარი. კერძოდ, „შეზღუდული სახელმწიფოსაკენ“, „სახელმწიფო გარდამავალ პერიოდში“ და „თავისუფლება და განვითარება“. აღნიშნული წიგნების საშუალებით მკითხველს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს პოლონეთში განხორციელებულ რეფორმასა და მის შედეგებს, რომლის ერთ-ერთი ავტორი თავად ლეშეკ ბალცეროვიჩი იყო. თუ ამას დავამატებთ მრავალ წერილს, რომლებიც უკანასკნელი ორი ათეული წლის მანძილზე პოლონურიდან ქართულად ითარგმნა და დაიბეჭდა, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ბალცეროვიჩი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობილი უცხოელი მეცნიერ-ეკონომისტია საქართველოში“, – აღნიშნა ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატმა, მთარგმნელმა ამბროსი გრიშიკაშვილმა.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service