ENGLISH
 

15.11.2005   ბეჭდვა
ლეშეკ ბალცეროვიჩი: საქართველოს ეკონომიკური განვითარების პარამეტრები საიმედოა

პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ლეშეკ ბალცეროვიჩმა სამუშაო ვიზიტის პირველი შეხვედრა საქართველოს ეროვნულ ბანკში გამართა. იგი საქართველოში ვიზიტად ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რომან გოცირიძის მოწვევით იმყოფება. ქართველ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის ეროვნული ბანკების პრეზიდენტებმა მედიის წინაშე განცხადება გააკეთეს.   „საქართველოს ეკონომიკური განვითარების პარამეტრები საიმედოა. ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობა მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისა და ეროვნული ვალუტის სტაბილურობის უზრუნველყოფისათვის მეტად მნიშვნელოვანია. სამომავლოდ, საქართველოს საბანკო სისტემის განვითარების ტემპები კიდევ უფრო უნდა დაჩქარდეს“, – განაცხადა პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.   ბრიფინგზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ ლეშეკ ბალცეროვიჩის თაოსნობით აღმოსავლეთ ევროპაში დიდი მასშტაბის ეკონომიკური გარდაქმნები დაიწყო. „ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია პოლონეთის გამოცდილება, რომელმაც სოციალისტური წყობიდან ევროკავშირის წევრობამდე ტრასფორმაციის რთული გზა გაიარა. ჩვენი მიზანია, რომ საქართველო ერთიანი ევროპული სივრცისა და „ნატოს“ სრულფასოვანი წევრი სახელმწიფო გახდეს. ამისათვის, პოლონეთში განხორციელებული რეფორმების გათვალისწინება მეტად მნიშვნელოვანია. თუ ძველი ხელისუფლების პირობებში ეკონომიკურ საკითხებში ექსპრეზიდენტის მრჩევლის ლეშეკ ბალცეროვიჩის რეკომენდაციები არ სრულდებოდა, დღეისათვის მათი გათვალისწინება რეალობად იქცა“, – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.   ლეშეკ ბალცეროვიჩი პირველადაა საქართველოში „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, მანამდე იგი, ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მრჩევლის რანგში, საქართველოს ხშირად სტუმრობდა. „მოხარული ვარ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოწვევით საქართველოს საბანკო სისტემაში მიმდინარე პროცესების გაცნობის შესაძლებლობა მომეცა. საქართველოში მომხდარი „ვარდების რევოლუცია“ არა მარტო პოლონეთისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის ფუნდამენტურ მოვლენად შეიძლება შეფასდეს“, – განაცხადა ლეშეკ ბალცეროვიჩმა. მისი შეფასებით, ფისკალურ სფეროში განხორციელებულ რეფორმებშიც, საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციის, კორუფციის აღკვეთისა და პრივატიზების პროცესშიც მნიშვნელოვანი პროგრესია. მონეტარული ვითარება სტაბილურია და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი – მყარი. სახელმწიფო ორგანოებმა კიდევ უფრო უნდა დახვეწონ ეკონომიკური სექტორების რეგულირების პროცესი.   „ქვეყნის ეკონომიკური წარმატების ერთ-ერთი წინაპირობა ის არის, რომ პრივატიზაციის პროცესის განხორციელება კონკურენციის პირობებში მოხდეს. გარდა ამისა, გადასახადების მოცულობის თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 20%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ამისათვის აუცილებელია ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მკაცრი კონტროლი. ღია საბაზრო ეკონომიკის პირობებში ეკონომიკური წარმატების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს გამჭვირვალე იურიდიული საკანონმდებლო ბაზა, კეთილსინდისიერი და ეფექტური სასამართლო სისტემა წარმოადგენს. ეკონომიკური წარმატების ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი კი პოლიტიკურ სტაბილურობაში მდგომარეობს“, - აღნიშნა ბრიფინგზე ლეშეკ ბალცეროვიჩმა. მან ხაზი გაუსვა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის როლის მნიშვნელობას.   ვიზიტის ფარგლებში პოლონელი სტუმარი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს შეხვდა. მოგვიანებით კი, ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში მისი წიგნის „შეზღუდული სახელმწიფოსაკენ“ პრეზენტაციას დაესწრო. საზოგადოება ასევე გაეცნო პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წიგნს – „თავისუფლება და განვითარება. სახელმწიფო გარდამავალ პერიოდში“, რომელიც ქართულად თარგმნა საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომელმა, ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატმა, დოცენტმა ამბროსი გრიშიკაშვილმა.   ,,აღნიშნულ წიგნებში ასახულია ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბების ისტორია, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საფუძვლების მშენებლობის პროცედურები. ერთ-ერთ ნაშრომში პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყენებს სახელგანთქმული ეკონომისტის ადამ სმიტის ისტორიულ ფრაზას – სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს იქ, რისი გაკეთებაც შეუძლია კერძო სექტორს. სახელმწიფოს შეზღუდული უფლებების პირობებში თავისუფალი ადამიანების ინიციატივა იზრდება. მე ხშირად ვიხსენებ ლეშეკ ბალცეროვიჩის ერთ ფრაზას. ჩვენ არ გვინდა ექსპერიმენტები. დაე, ისინი განახორციელონ მდიდარმა ქვეყნებმა. ჩვენ ამის ფუფუნება არა გვაქვს. ჩვენ უნდა გავიაროთ მსოფლიოში აპრობირებული, გამოცდილი საბაზრო ეკონომიკის განვითარების გზით“, – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ.   „პრეზენტაციაზე წარმოდგენილ წიგნებზე მუშაობისას ვფიქრობდი არა მარტო პოლონეთის, არამედ ყველა იმ ქვეყნის შესახებ, რომლებსაც წარსულში კომუნისტური სისტემა განვითარების საშუალებას არ აძლევდა. ვცდილობდი, მკითხველისათვის მიმეთითებინა იმ ბერკეტებსა და ძალებზე, რომლებიც დადებითად მოქმედებენ ეროვნული მეურნეობის განვითარებაზე და ქვეყანას, თუნდაც ღარიბს, წარმატებული განვითარების საშუალებას აძლევს. სახელმწიფოს შეზღუდული როლი ეკონომიკური პროცესების მართვაში წარმატების საწინდარია. ეს არის ძირითადი მესიჯი, რომელიც მეტად მარტივი განსახორციელებლია“, – განაცხადა ფულის მუზეუმში გამართულ პრეზენტაციაზე ლეშეკ ბალცეროვიჩმა.   ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ორ სემინარს გამართავს. თბილისის სასტუმრო „მარიოტში“ იგი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე – „გარდამავალი ეკონომიკის გაკვეთილები“, ბორჯომის სამთავრობო რეზიდენციაში კი დაგეგმილია კიდევ ერთი სემინარის გამართვა, რომელზეც ლეშეკ ბალცეროვიჩი წარსდგება მოხსენებით „პოსტკომუნისტური გარდამავალი პერიოდის გაკვეთილები“. ბორჯომში სემინარს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების, ასევე ადგილობრივი ბიზნესსტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრებიან. პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გაეცნობა ბორჯომის, როგორც საკურორტო ქალაქის ინფრასტრუქტურასა და მისი განვითარების პერსპექტივას.   პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი საქართველოში 19 ნოემბერს დასრულდება.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service