ENGLISH
 

16.11.2005   ბეჭდვა
ლეშეკ ბალცეროვიჩი: საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა ქვეყნის ეკონომიკური წარმატების ძირითადი საწინდარია

პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლეშეკ ბალცეროვიჩი საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ზურაბ ნოღაიდელსა და საქართველოს სახელმწიფო მინისტრს რეფორმების კოორდინაციის საკითხებში კახა ბენდუქიძეს.   პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტს სახელმწიფო კანცელარიაში პირველი შეხვედრა კახა ბენდუქიძესთან ჰქონდა. შეხვედრას საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ღლონტი და საბჭოს მდივანი გურამ აბაშიძე დაესწრნენ. შეხვედრამ ძირითადად ურთიერთგაგების ატმოსფეროში ჩაიარა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში ფისკალურსა და პრივატიზაციის სფეროებში მიმდინარე რეფორმებსა და სახელმწიფოს მცირე როლზე ეკონომიკის მართვის პროცესში.   სახელმწიფო მინისტრსა და პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შორის პოზიციები საბანკო თემატიკაზე საუბრისას გაიყო. კახა ბენდუქიძემ აღნიშნა, რომ საბანკო ზედამხედველობის სამსახური საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა გამოეყოს, რასაც ლეშეკ ბალცეროვიჩი კატეგორიულად არ დაეთანხმა. პოლონელი სტუმრის განცხადებით, ეროვნული  ბანკის სისტემაში საზედამხედველო სამსახურის არსებობა ქვეყნის ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობის მნიშვნელოვანი ელემენტია. მან ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ზედამხედველობის სამსახურები ცენტრალური ბანკების სისტემაში შედის.   პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაზე, როგორც საქართველოში ჯანსაღი ეკონომიკის ჩამოყალიბების ძირითად ფაქტორზე. ამ საკითხს მან ხაზი გაუსვა პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრებისას. პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ყურადღება ასევე გაამახვილა დეპოზიტების დაზღვევის მოქნილი სისტემის აუცილებლობის შესახებ. მისი თქმით, დეპოზიტების დაზღვევის მექანიზმის გარეშე ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ვერ გახდება.   საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, უარი თქვას გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო დაწესებულებასთან (KFW) ხელმოწერილ ვალდებულებებზე, რომელიც საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემის მხარდაჭერას ითვალისწინებს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ შეცდომა უწოდა. აღნიშნული პროგრამის დასაფინანსებლად გერმანულ მხარეს 2006 წლიდან 3,5 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფა ჰქონდა გათვალისწინებული. „გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო დაწესებულების, საქართველოს ეროვნული ბანკისა და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად უკვე მომზადებულია კანონპროექტი დეპოზიტების დაზღვევის შესახებ. იგი აუცილებლად იქნება პარლამენტში წარდგენილი“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.   ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბორჯომის სამთავრობო რეზიდენციაში სემინარს გამართავს. იგი წარსდგება მოხსენებით „პოსტკომუნისტური გარდამავალი პერიოდის გაკვეთილები“. ბორჯომში სემინარს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების, ასევე ადგილობრივი ბიზნესსტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრებიან. პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გაეცნობა ბორჯომის, როგორც საკურორტო ქალაქის ინფრასტრუქტურასა და მისი განვითარების პერსპექტივას.   პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი საქართველოში 19 ნოემბერს დასრულდება.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service