ENGLISH
 

16.11.2005   ბეჭდვა
ლეშეკ ბალცეროვიჩი „ვარდების რევოლუციას“ ევროპის მნიშვნელობის მოვლენად აფასებს

პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლეშეკ ბალცეროვიჩი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში უკვე შეხვდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და მთავრობის წევრებს.   ლეშეკ ბალცეროვიჩი პირველადაა საქართველოში „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ. მანამდე იგი, ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მრჩევლის რანგში, საქართველოს ხშირად სტუმრობდა. „მოხარული ვარ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოწვევით საქართველოს საბანკო სისტემაში მიმდინარე პროცესების გაცნობის შესაძლებლობა მომეცა. საქართველოში მომხდარი „ვარდების რევოლუცია“ არა მარტო პოლონეთისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის ფუნდამენტურ მოვლენად შეიძლება შეფასდეს“, – განაცხადა ლეშეკ ბალცეროვიჩმა.   ლეშეკ ბალცეროვიჩის შეფასებით, ფისკალურ სფეროში განხორციელებულ რეფორმებში, საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციის, კორუფციის აღკვეთისა და პრივატიზების პროცესში მნიშვნელოვანი პროგრესია. მონეტარული ვითარება სტაბილურია და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი – მყარი. სახელმწიფო ორგანოებმა კიდევ უფრო უნდა დახვეწონ ეკონომიკური სექტორების რეგულირების პროცესი.   ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბორჯომის სამთავრობო რეზიდენციაში სემინარს გამართავს. იგი წარსდგება მოხსენებით „პოსტკომუნისტური გარდამავალი პერიოდის გაკვეთილები“. ბორჯომში სემინარს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების, ასევე ადგილობრივი ბიზნესსტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრებიან. პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გაეცნობა ბორჯომის, როგორც საკურორტო ქალაქის ინფრასტრუქტურასა და მისი განვითარების პერსპექტივას.   პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი საქართველოში 19 ნოემბერს დასრულდება.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service