ENGLISH
 

12.12.2005   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნულ ბანკში პოლონეთის ეროვნული ბანკის ექსპერტები სემინარს ჩაატარებენ

საქართველოს ეროვნულ ბანკს 14-16 დეკემბერს სამუშაო ვიზიტით პოლონეთის ეროვნული ბანკის დელეგაცია ეწვევა, რომლის შემადგენლობაშიც არიან პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ოფისის დირექტორი რემიგიუშ პაშკევიჩი, უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი ზბიგნევ კლებაცკი, საბანკო ზედამხედველობის მთავარი ინსპექციის საბანკო სისტემის ანალიზის ოფისის დირექტორი გრჟეგოჟ ბელიცკი, საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე რომუალად შიმჩაკი, ამავე დეპარტამენტის საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების უფროსი იაროსლავ ბელდოვსკი. გარდა ამისა, პოლონეთის ეროვნული ბანკის დელეგაციასთან ერთად თბილისში ჩამოვა პოლონეთის მხრიდან მსოფლიო ბანკის ალტერნატიული აღმასრულებელი დირექტორი იაკუბ კარნოვსკი.    პოლონელი ექსპერტები საქართველოს ეროვნული ბანკში სემინარებს გამართავენ. წაკითხული იქნება მოხსენებები შემდეგ საკითხებზე: პოლონეთის ეროვნული ბანკის რეგიონული ქსელის რესტრუქტურიზაცია; უსაფრთხოების სისტემები; პოლონეთის კომერციული ბანკების დოკუმენტური (Off-site) ზედამხედველობა; პოლონეთის ეროვნული ბანკის საერთაშორისო ურთიერთობები.   „პოლონეთი, რომელიც ევროკავშირის წევრი გახდა, სერიოზულად არის განწყობილი ევროზონაში შესვლაზე. შესაბამისად, ცდილობს, მთელი მისი ფულადი სისტემა და ტექნიკური მახასიათებლები ევროპულ სტანდარტებს მიუახლოოს. პოლონეთის გამოცდილების გაზიარება საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ევროგაერთიანებაში ინტეგრირების გზა ჯერ გასავლელი გვაქვს“, – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, რომან გოცირიძემ.   სემინარების გამართვა პოლონეთისა და საქართველოს ეროვნული ბანკების პრეზიდენტების ლეშეკ ბალცეროვიჩისა და რომან გოცირიძის შეხვედრისას გადაწყდა.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service