ENGLISH
 

19.12.2005   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობას სწრაფი რეაგირებისათვის მადლობა გადაუხადა

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რუსულ კომერციულ ბანკს „მაკპრომბანკს“ საქართველოს ეროვნული ბანკიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე საბანკო საქმიანობის ლიცენზია ჩამოართვა. ამ გადაწყვეტილების ოფიციალურ მოტივაციათა შორის აღნიშნულია კომერციული ბანკის მიერ დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების „გათეთრებისა“ და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ რუსეთის ფედერალური კანონმდებლობის დარღვევა. საქართველოს ეროვნული ბანკის შეტყობინების მიხედვით, ქართულ კომერციულ ბანკს „ქართულ ბანკს“, რომელსაც მცირე ხნის წინ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლიცენზია ჩამოართვა, ფულის გათეთრების მიზნით, საკორესპონდენტო ანგარიშები სწორედ „მაკპრომბანკში“ ჰქონდა გახსნილი. ლიკვიდაციის პროცესში მყოფ ქართულ და რუსულ ბანკებს საერთო დამფუძნებლები ჰყავდათ. მათი სურვილი იყო, ფულის გათეთრების არხები ბალტიის ქვეყნებიდან საქართველოში გადმოეტანათ. „მაკპრომბანკისათვის“ ლიცენზიის გამოთხოვის თაობაზე რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა საქართველოს ეროვნულ ბანკს ახლახან ოფიციალურად შეატყობინა.   საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობის მხრიდან სწრაფი რეაგირების გამო კმაყოფილება გამოთქვა. „მადლობა მინდა ვუთხრა რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელებს მათი მხრიდან დროული ჩარევის გამო, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა ფულის გათეთრების დანაშაულებრივი ქმედების აღკვეთა. ვიმედოვნებ, რომ საქართველოსა და რუსეთის ცენტრალურ ბანკებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.   საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებულ ფინანსური მონიტორინგის სამსახურში  ფულის გათეთრების სქემა დროულად გამოვლინდა და აღიკვეთა. „ქართულ ბანკს“ ლიცენზია ჩამოერთვა, მისი პარტნიორი რუსული „მაკპრომბანკის“ თაობაზე კი შეტყობინება რეაგირებისათვის რუსეთის ცენტრალურ ბანკს გადაეგზავნა. ამის შემდეგ რუსულმა ბანკმა ფუნქციონირება შეწყვიტა, რადგან მისი საქმიანობა უშუალოდ ფულის გათეთრებისაკენ იყო მიმართული.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service