ENGLISH
 

30.12.2011   ბეჭდვა
საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია

საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკასთან და მოიცავს ფულად–საკრედიტო, სამთავრობო, საბანკო და სხვა სექტორებს. საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციის სტატისტიკის გამოქვეყნება დაიწყო 2007 წლიდან წლიური პერიოდულობით, ხოლო მონაცემთა მწკრივი მოიცავდა ინფორმაციას 2005 წლის 31 დეკემბრიდან. 2009 წლიდან საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციის სტატისტიკა ქვეყნდება კვარტალური პერიოდულობით. 2011 წლის მეორე კვარტალიდან გამოქვეყნებული საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციის მწკრივი მოიცავს კვარტალურ მონაცემებს უკვე 2000 წლიდან. 2011 წლის მეოთხე კვარტალიდან დაიწყო კიდევ ერთი ცხრილის პუბლიკაცია, რომელშიც საინვესტიციო პოზიციის ნაშთების გარდა ასახულია საინვესტიციო პოზიციის ცვლილების დეტალები.

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ 2011 წლის მესამე კვარტალის ბოლოს –13.6 მლრდ აშშ დოლარი (-22.5 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს -1.7 მლრდ აშშ დოლარით (-3.0 მლრდ ლარით) აჭარბებს. მთლიანი ზრდის 85.0 პროცენტი ოპერაციული ცვლილებით იყო გამოწვეული; 7.0 პროცენტი - საკურსო ცვლილებით; 0.8 პროცენტი - ფასის ცვლილებით; ხოლო 7.2 პროცენტი - სხვა ცვლილებით. 2011 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით მთლიანი საერთაშორისო აქტივები 3.9 მლრდ აშშ დოლარია (6.4 მლრდ ლარი). მათში 71.0 პროცენტი სარეზერვო აქტივებს უკავია; 16.1 პროცენტი ნაღდი ფულის და დეპოზიტების წილად მოდის; 7.7 პროცენტს სავაჭრო კრედიტები შეადგენს; 2.7 პროცენტს - სესხები, ხოლო 2.1 პროცენტს - პირდაპირი და პორტფელის ინვესტიციები და ფინანსური წარმოებულები. სარეზერვო აქტივები, წინა წლის მესამე კვარტალთან შედარებით, 643.6 მლნ აშშ დოლარით (1.1 მლრდ ლარით) გაიზარდა, რაც 30,5 პროცენტიან ზრდას შეადგენს და 2011 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 2,8 მლრდ აშშ დოლარს (4.6 მლრდ ლარს) გაუტოლდა. აქედან 645,4 მლნ აშშ დოლარი (1.1 მლრდ ლარი) ოპერაციული ცვლილება იყო, -1.5 მლნ აშშ დოლარი (-2.5 მლნ ლარი) - საკურსო, ხოლო -0.3 მლნ აშშ დოლარი (-0.6 მლნ ლარი) - ფასის ცვლილება.

რაც შეეხება ვალდებულებებს, საანგარიშო პერიოდისთვის, მთლიანმა ვალდებულებებმა 17.4 მლრდ აშშ დოლარი (29.0 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 2.1 მლრდ აშშ დოლარით (3.5  მლრდ ლარით) აღემატება. პირდაპირი ინვესტორებისადმი ვალდებულებები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 12.7 პროცენტით გაიზარდა და 8.9 მლრდ აშშ დოლარს (14.8 მლრდ ლარს) გაუტოლდა. პორტფელის ინვესტიციის ვალდებულებები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.0 პროცენტით გაიზარდა და 1.2 მლრდ აშშ დოლარს (2.1 მლრდ ლარს) გაუტოლდა. აქედან, 582.4 მლნ აშშ დოლარი (967.3 მლნ ლარი) სამთავრობო ევრობონდებია.

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სხვა ინვესტიციები საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის, 14.8 პროცენტით გაიზარდა და 7.3 მლრდ აშშ დოლარი (12.2 მლრდ ლარი) შეადგინა. მასში 5.9 მლრდ აშშ დოლარი (9.8 მლრდ ლარი) სესხებს უჭირავს. ეროვნული ბანკის სასესხო ვალდებულებები 2011 წლის სექტემბრის ბოლოს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.5 პროცენტით შემცირდა და 641.7 მლნ აშშ დოლარი (1.1 მლრდ ლარი) შეადგინა. სამთავრობო სექტორის სასესხო ვალდებულებები 14.3 პროცენტით გაიზარდა სხვა გრძელვადიანი ვალდებულებების ხარჯზე. საბანკო სექტორის სასესხო ვალდებულებები 13.9 პროცენტით არის გაზრდილი. აქედან, გრძელვადიანი ვალი 3.2 პროცენტით შემცირდა, ხოლო მოკლევადიანი ვალი 3.4-ჯერ გაიზარდა და 278.3 მლნ აშშ დოლარი (462.3 მლნ ლარი) შეადგინა.  გასული წლის შესაბამისი პერიოდის მიმართ, ვალდებულებები ნაღდი ფულის და დეპოზიტების სახით 95.2 პროცენტით გაიზარდა და 518.3 მლნ აშშ დოლარი (860.9 მლნ ლარი) შეადგინა.

2011 წლის სექტემბრის ბოლოსათვის, ეროვნული ბანკის სხვა გრძელვადიანმა ვალდებულებებმა 225.0 მლნ აშშ დოლარი (373.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც განაწილებულ ნასესხობის სპეციალურ უფლებებს წარმოადგენს.

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service