ENGLISH
 

23.12.2005   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნულ ბანკში უკრაინული მონეტის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში უკრაინის ეროვნული ბანკის მიერ მოჭრილი დავით გურამიშვილის დაბადების 300 წლისთავისადმი მიძღვნილი 2 გრივნის ნომინალის საიუბილეო მონეტის პრეზენტაცია გაიმართა.   საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ეკატერინე გალდავას განცხადებით, საქართველოსა და უკრაინის ცენტრალურ ბანკებს შორის საქმიანი და კეთილგანწყობილი ურთიერთობაა ჩამოყალიბებული, რისი დასტურიც არის უკრაინის ეროვნულ ვალუტაზე გამოჩენილი ქართველი პოეტის დავით გურამიშვილის პროფილის გამოსახვა.   დავით გურამიშვილის დაბადების 300 წლისთავისადმი მიძღვნილ 2 გრივნის ნომინალის საიუბილეო მონეტის ავერსზე გამოსახულია ქართული და უკრაინული ეროვნული ორნამენტები. ავერსის ზედა მხარეს ნახევარწრიულად განლაგებულია წარწერა „УКРАЇНА“ და უკრაინის  სახელმწიფო გერბი, ქვედა მხარეს კი წარწერა „2 ГРИВНІ“ და უკრაინის ეროვნული ბანკის ზარაფხანის ლოგოტიპი.   მონეტის რევერსზე დატანილია დავით გურამიშვილის პროფილი საქართველოს მთების პეიზაჟის ფონზე. ერთ-ერთი მთის წვერზე ეკლესიაა, ხოლო მარცხენა და მარჯვენა მხარეს ნახევრადწრიულად უკრაინულ და ქართულ ენებზე განთავსებულია წარწერა: „დავით გურამიშვილი“, ქვედა ნაწილში კი მისი დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები: 1705-1792.   დავით გურამიშვილისადმი მიძღვნილი საიუბილეო მონეტის ტირაჟი 30 ათასი ცალია. თითოეული მონეტის ყიდვა საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში 5 ლარად არის შესაძლებელი.   გამოჩენილი ქართველი პოეტი დავით გურამიშვილი 1760 წელს უკრაინის ქალაქ მირგოროდში დასახლდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა. პოეტმა სახელგანთქმული ნაწარმოები „დავითიანი“ სწორედ უკრაინაში დაწერა.    
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service