ENGLISH
 

23.12.2005   ბეჭდვა
პოლონეთის ეროვნული ბანკი საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლების სტაჟირებას დააფინანსებს

პოლონეთის ეროვნული ბანკის მმართველთა საბჭო საქართველოს ეროვნულ ბანკს ტექნიკურ დახმარებას სთავაზობს.   „პოლონეთის ეროვნული ბანკის საბჭომ გადაწყვიტა საქართველოს ეროვნული ბანკისათვის ტექნიკური დახმარების არეალის გაფართოება, რომლის ფარგლებშიც გთავაზობთ საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომელთა ერთ ან ორთვიან სტაჟირებას პოლონეთის ეროვნული ბანკის ერთ-ერთ დეპარტამენტში“,– ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რომან გოცირიძისადმი პოლონეთის ეროვნული ბანკის მმართველთა საბჭოს წევრის პაველ სამეცკის მიერ გამოგზავნილ წერილში.  სტაჟირების ხარჯებს (სასტუმრო, კვება და შიდასატრანსპორტო მომსახურება) მთლიანად პოლონეთის ეროვნული ბანკი დააფინანსებს.   სტაჟირების პროგრამის გარდა პოლონეთის ეროვნული ბანკი მზადაა, მომავალ წელს ქართული მხარისათვის სასურველ თემებზე თბილისში გამართოს სემინარები, რომელთაც პოლონელი ექსპერტები ჩაატარებენ. ერთი ასეთი სემინარი პოლონეთის ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა 15 დეკემბერს უკვე გამართეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, სადაც მათ პოლონეთის ეროვნული ბანკის რეგიონული ქსელის რესტრუქტურიზაციაზე, უსაფრთხოების სისტემაზე, პოლონეთის კომერციული ბანკების დოკუმენტური (Off-site) ზედამხედველობის პრინციპებსა და პოლონეთის ეროვნული ბანკის საერთაშორისო ურთიერთობებზე ისაუბრეს.   ტექნიკური დახმარების გაწევა და სემინარების გამართვა საქართველოსა და პოლონეთის ეროვნული ბანკების პრეზიდენტების რომან გოცირიძისა და ლეშეკ ბალცეროვიჩის შეხვედრებისას გადაწყდა.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service