ENGLISH
 

28.12.2005   ბეჭდვა
პარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივას დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შექმნის შესახებ

საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა დადგენილება „საქართველოს ეროვნული ბანკის 2006 წლის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“. საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლებამ გაითვალისწინა საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნა დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შექმნის თაობაზე და მიიღო გადაწყვეტილება, რათა მომავალი წლის განმავლობაში შემუშავდეს კანონპროექტი დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ. ეს საკითხი 2006 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებში აისახა. შესაბამის კანონპროექტს ეროვნული ბანკი პარლამენტში საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე წარადგენს, რადგან იგი უკვე შემუშავებულია საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლებისა და რეკონსტრუქციის საკრედიტო დაწესებულების (გერმანია, KFW) ექსპერტების მიერ.     „ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკის 2005 წლის წმინდა მოგებიდან შესაბამისი ოდენობის თანხა მიმართული იქნება ეროვნული ბანკის გაცხადებული საწესდებო კაპიტალის დარჩენილი ნაწილის შესავსებად. დადგენილების მიხედვით, გაგრძელდება კონსულტაციები საქართველოს ეროვნული ბანკის საწესდებო კაპიტალის შემდგომი ზრდისა და მისი ოპტიმალური ოდენობის განსაზღვრის მიზნით.   საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, ახალი საფინანსო წლის დაწყებამდე ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მომავალი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service