ENGLISH
 

03.11.2006   ბეჭდვა
საქართველოში ნიდერლანდების ბანკის პრეზიდენტი ჩამოდის

6-7 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რომან გოცირიძის მოწვევით, საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ნიდერლანდების ბანკის პრეზიდენტი ნოუთ ველინკი ეწვევა.     „ნიდერლანდების ბანკს საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის კარგი ტრადიცია აქვს. ევროპის ამ ერთ-ერთ წამყვან ცენტრალურ ბანკში არაერთმა ქართველმა სპეციალისტმა აიმაღლა კვალიფიკაცია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია  ნიდერლანდელი კოლეგების მხარდაჭერა. ამ თვალსაზრისით, ძალზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია საქართველოში ისეთი რანგის ფინანსისტის ვიზიტი, როგორიც ნოუთ ველინკია,” – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ.   ვიზიტის პირველ დღეს, დაგეგმილია ორი ქვეყნის ეროვნული ბანკების ხელმძღვანელთა პირისპირ შეხვედრა, რომლის დროსაც განიხილება საქართველოს და ნოდერლანდების ორი ქვეყნის საბანკო სისტემებს შორის თანამშრომლობის განმტკიცების საკითხები.   შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და ნიდერლანდების ეროვნული ბანკების ხელმძღვანელები ჟურნალისტებისათვის ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.   ვიზიტის მეორე დღეს, ნიდერლანდების ეროვნული ბანკის პრეზიდენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი მიიღებს.   აღსანიშნავია, რომ საქართველო გაწევრიანებულია მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ე.წ. ნიდერლანდების ჯგუფში, რომელშიც ევროპისა და აზიის რეგიონის 12 სახელმწიფოა გაერთიანებული. ამდენად, საქართველოს მთავრობასა და ეროვნულ ბანკს ამ ქვეყანასთან განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებს.   ნიდერლანდების ბანკის პრეზიდენტი ნოუთ ველინკი დაიბადა 1943 წლის 27  აგვისტოს. 1961-1968 წ.წ.  სწავლობდა და როგორც მკვლევარი მუშაობდა ლეიდენის უნივერსიტეტში. 1965-1970 წლებში მუშაობდა ნიდერლანდების ფინანსთა სამინისტროში  მთავარ საფინანსო და ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის აღმასრულებელ დირექტორად და მთავარ-ხაზინადარად, 1982 წლის 1 იანვრიდან ნიდერლანდების ბანკის მმართველთა საბჭოს წევრია, ხოლო 1997 წლის 1 ივლისიდან ნიდერლანდების ბანკის პრეზიდენტის პოსტი უკავია. ამჟამად  არის ბანკების ზედამხედველობის „ბაზელის კომიტეტის” პრეზიდენტიც.    
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service