ENGLISH
 

29.12.2005   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ენციკლოპედიური გამოცემა „ფული საქართველოში“ ბიბლიოთეკებს საახალწლო საჩუქრად გადასცა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე თბილისში მოქმედი ბიბლიოთეკების ხელმძღვანელებს შეხვდა და მათ საახალწლო საჩუქრად ენციკლოპედიური გამოცემა „ფული საქართველოში“ (ორი ტომი) გადასცა. აღნიშნული ნაშრომი საქართველოს ეროვნული ბანკის ხელშეწყობით მომზადდა და იგი მიზნად ისახავს საქართველოში ფულის მიმოქცევის პოპულარიზებას. ორენოვანი წიგნი (იგი ქართულ და ინგლისურ ენებზეა) „ფული საქართველოში“ სამომავლოდ რეგიონში არსებულ ბიბლიოთეკებსაც გადაეცემა.     „საქართველო ისტორიულად სატრანზიტო ქვეყანა იყო, რისი დასტურიცაა საქართველოში ფულის მიმოქცევის ისტორია. ეს ყველაფერი ასახულია ენციკლოპედიურ ნაშრომში „ფული საქართველოში“. ამ წიგნში საქართველოში ფულის მიმოქცევის ისტორიის საშუალებით არის გადმოცემული ქვეყნის ფართო ეკონომიკური ურთიერთობები, რაც რეგიონის საზღვრებს სცილდებოდა. მნიშვნელოვანია, ხალხმა იცოდეს, რომ საქართველოში ფული ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღიცხვამდე VI საუკუნეში იჭრებოდა. ამ თვალსაზრისით, ბიბლიოთეკებს ისტორიული მისია ეკისრებათ, გადასცენ მომავალ თაობებს ეს ტრადიციები“, – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ.   საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად საზოგადოებრივი განათლება მიიჩნია. ამ მიზნით, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ საქართველოს ეროვნული ვალუტისა და საქართველოში ფულის მიმოქცევის ისტორიის საკითხების პოპულარიზაციისათის გამოყენებული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის ენციკლოპედიური გამოცემა „ფული საქართველოში“. აღნიშნული წიგნი საჩუქრად გადაეცემა ბიბლიოთეკებს, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს, სკოლებსა და უცხოეთის ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებს.     ენციკლოპედიურ გამოცემაში „ფული საქართველოში“ ასახულია საქართველოში ფულის მიმოქცევის ოცდახუთსაუკუნოვანი ისტორია. აღნიშნული წიგნი არა მარტო ასახავს ქართული ფულის ეროვნულ მემკვიდრეობას, ასევე სრულფასოვან ინფორმაციას მიაწვდის ნუმიზმატიკითა და ბონისტიკით დაინტერესებულ პირებს ფულის მიმოქცევის ეროვნული მიღწევების შესახებ. წიგნში ასახულია საქართველოში მოჭრილი პრაქტიკულად ყველა სამონეტო ტიპი, რომელიც ოდესმე ყოფილა მიმოქცევაში საქართველოს ტერიტორიაზე. ფული სახელმწიფოს ერთ-ერთი ძირითადი ატრიბუტია და ფულის ისტორიული განვითარების პერიპეტიები ამა თუ იმ ქვეყანაში ასახავს არა მარტო ქვეყნის ეკონომიკის დონეს, არამედ მის პოლიტიკურ მდგომარეობასა და საგარეო ორიენტაციას. ამდენად, ფულის ისტორია გარკვეული თვალსაზრისით ერის ისტორიაა.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service