ENGLISH
 

27.10.2006   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნულ ბანკში „ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ეროვნულ ბანკში „ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის“ პრეზენტაცია გაიმართა. მსგავს დოკუმენტებს, ტრადიციულად, უცხოეთის ქვეყნების ცენტრალური ბანკები გამოსცემენ. მათში, სტანდარტული მაკროეკონომიკური ანალიზისაგან განსხვავებით, განხილულია მოვლენები, რომელთა მოხდენის ალბათობა მცირეა, მაგრამ პოტენციური უარყოფითი გავლენა – ძლიერი.   „პირველად საქართველოს ეროვნული ბანკის ისტორიაში გამოიცა მნიშვნელოვანი დოკუმენტი – „ფინანსური სტაბილურობის ანგარიში“. აღნიშნულ დოკუმენტი მოიცავს 2005 წლის 1 ივლისიდან 2006 წლის 1 ივლისამდე საქართველოს საბანკო და ეკონომიკის სხვა სექტორში მიმდინარე პროცესებს. ეს არის პერიოდი, რომლის განმავლობაში საბანკო სისტემის სტატისტიკური პარამეტრები განსაკუთრებით შთამბეჭდავი ზრდით ხასიათდებოდა და საბანკო სექტორისადმი ნდობამ მნიშვნელოვნად მოიმატა.   „ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის“ გამოცემა ზოგადად საქართველოს საბანკო სექტორისათვის მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგანაც ამ დოკუმენტში შესწავლილია რისკ-ფაქტორები, რომლებმაც შესაძლოა ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა შეაფერხოს. საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მოვალეობაა შეისწავლოს რამდენად მგრძნობიარეა საბანკო სეტორი რისკების მიმართ და დროულად გამოავლინოს ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებისათვის ხელშემშლელი სირთულეები,“ - განაცხადა პრეზენტაციაზე საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა დავით ამაღლობელმა.   თანამედროვე მსოფლიოში, როდესაც ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ამ ქვეყნებში არსებული საფინანსო დაწესებულებებისა და ბაზრების გამართულ და მდგრად ფუნქციონირებაზე, სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ე. წ. ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნების საკითხები. ტერმინს „ფინანსური სტაბილურობა“ ერთხმად აღიარებული განსაზღვრება არა აქვს – სხვადასხვა ქვეყნები თუ საფინანსო ინსტიტუტები განსხვავებულ, თავიანთი მიზნებისთვის გამოსადეგ განსაზღვრებებს იყენებენ. მაგალითად, ევროპის ცენტრალური ბანკი ფინანსურ სტაბილურობას განსაზღვრავს, როგორც პირობების ერთობლიობას, როდესაც საფინანსო სისტემას შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ნეგატიური პროცესების გამომწვევ შოკებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეკონომისტი ა. ჰუბენი ფინანსურ სტაბილურობას განსაზღვრავს, როგორც „სიტუაციას, როდესაც საფინანსო სისტემას შეუძლია: ეფექტიანად გაანაწილოს რესურსები საქმიანობის სფეროებს შორის და დროში; შეაფასოს და მართოს ფინანსური რისკები; მოახდინოს შოკების აბსორბირება.   საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული „ფინანსური სტაბილურობის ანგარიში“ ქვეყანაში არსებული სიტუაციის შეფასების საფუძველზე განიხილავს მომავალ მოვლენებს. დოკუმენტი მიმოიხილავს და აანალიზებს საქართველოს ეკონომიკაში და, კერძოდ, მის საფინანსო ბაზრებზე არსებულ სიტუაციას მოსალოდნელი რისკების გამოვლენისა და მათი აღმოფხვრის კუთხით.   „ფინანსური სტაბილურობის ანგარიში“ ქართულ და ინგლისურ ენებზე ყოველწლიურად გამოიცემა. დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე – www.nbg.gov.ge  
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service