ENGLISH
 

25.10.2006   ბეჭდვა
ფულადი გზავნილების ოფიციალური რუსული სტატისტიკა რუსი პოლიტიკოსების სიცრუეს ამხელს

რუსეთის ცენტრალური ბანკის სტატისტიკური მონაცემები უსაფუძვლოს ხდის რუსი პოლიტიკოსების განცხადებას, თითქოს რუსეთიდან საქართველოში მნიშვნელოვნად დიდი მოცულობის თანხა ირიცხება. საქართველო რუსეთიდან დსთ-ის ქვეყნებში ფულადი გზავნილების მოცულობის მაჩვენებლების მიხედვით პირველ ხუთეულშიც კი ვერ მოხვდა. 2006 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მეტი თანხა რუსეთიდან ჩინეთში (663 მლნ აშშ დოლარი) გადაირიცხა, პოსტსაბჭოთა სივრციდან კი – უკრაინაში, ტაჯიკეთში, უზბეკეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და მოლდოვაში. გადარიცხვების მხრივ ლიდერ-ქვეყნებს შორისაა აშშ (238 მლნ აშშ დოლარი),  დიდი ბრიტანეთი (234 მლნ აშშ დოლარი) და თურქეთი (233 მლნ აშშ დოლარი)   რუსეთის ერთ-ერთი წამყვანი გამოცემა "Независимая газета" იუწყება, რომ რუსეთის მთავარი ბანკის ეს მონაცემები რადიკალურად განსხვავდება პოლიტიკოსთა მიერ უკანასკნელ თვეებში განხორციელებული პროპაგანდისაგან, თითქოს რუსეთიდან დსთ-ის მასშტაბით ფულადი თანხების ძირითადი ნაკადები საქართველოზე მოდის.   რუსეთის ცენტრალური ბანკის ანგარიშის თანახმად, ქვეყნიდან ფულადი გზავნილების ყველაზე პოპულარულ  მიმართულებებს დსთ-ს სივრცეში საანგარიშო პერიოდში წარმოადგენდნენ უკრაინა, უზბეკეთი (220 მლნ აშშ დოლარის გადარიცხვებით თითოეულში) და ტაჯიკეთი (187 მლნ აშშ დოლარის გადარიცხვით). გადმორიცხული ფულის მოცულობით მათთან ერთად ლიდერობენ სომხეთი, აზერბაიჯანი და მოლდავეთი, საქართველო კი ამ სიაში 81 მლნ აშშ დოლარით სიის ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა. ამასთან, საგულისხმოა, რომ მეორე კვარტალში დსთ-ის სახელმწიფოებში განხორციელებული გადარიცხვების ჯამური მოცულობა (1.3 მლრდ აშშ დოლარი) საკმაოდ უმნიშვნელოა შორეული საზღვარგარეთის ქვეყნებში გადარიცხულ თანხებთან შედარებით.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service