ENGLISH
 

25.10.2006   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნულ ბანკში კრედიტის შეფასებისა და მართვის შესახებ სემინარის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ

საქართველოს ეროვნულ ბანკში სერთიფიკატი გადაეცა ჩატარებული სემინარის – „კრედიტის შეფასება და მართვა კომერციულ ბანკებში“ – ოც  მონაწილეს. სემინარზე მიწვეულნი იყვნენ საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკისა და საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები.  სემინარი ჩატარდა საქართველოს ეროვნული ბანკისა და  ლუქსემბურგის საფინანსო ტექნოლოგიების გადაცემის კვლევითი სააგენტოს ორგანიზებით. სააგენტო მსგავსი სახის სემინარებს გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ტექნიკური დახმარების პროგრამის საფუძველზე აფინანსებს. ეს სემინარიც ლუქსემბურგის მხარემ დააფინანსა.   სემინარი 23 სექტემბერს დაიწყო და სამ დღეს გაგრძელდა. მას ამავე სააგენტოს ექსპერტი, ანდრე ტაიმანსი უძღვებოდა.  სემინარზე ბელგიელმა ექსპერტმა მიმოიხილა კომერციული ბანკების მიერ რისკისა და კაპიტალის მართვის პრინციპები, ზოგადად ფინანსური მენეჯმენტის საკითხები, კომერციულ ბანკებში სესხის გაცემისას შესაძლო რისკისა და შემოსავლიანობის შეფასების მექანიზმები, კრედიტის გაცემის ან არგაცემის არგუმენტირების საჭიროება. ასევე ისაუბრა კომერციული ბანკების საქმიანობის გაუმჯობესებაზე, კერძოდ, სესხებთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემების ფინანსური და ოპერაციული რესტრუქტურიზაციის გზით გადაჭრის საშუალებებზე, საოპერაციო საქმიანობის სწრაფად, ხარისხიანად და ნაკლები დანახარჯებით წარმართვის მიზნით, სტრატეგიის შემუშავებასა და საბანკო საქმიანობის ორგანიზებაზე.   ზოგადად, ლუქსემბურგისა და ე.წ. ბენილუქსის ქვეყნების ინტერესი საქართველოში მიმდინარე პროცესების, მათ შორის საბანკო სექტორში არსებული ვითარების მიმართ დიდია. აღნიშნული სემინარი სწორედ ლუქსემბურგის სამთავრობო პროგრამის ფარგლებში გაიმართა.   ამასთან, ლუქსემბურგის საფინანსო ტექნოლოგიების გადაცემის კვლევითი სააგენტოს  ტექნიკური დახმარების პროგრამით გათვალისწინებულია საბანკო სპეციალისტებისთვის სამკვირიანი ტრეინინგ-სემინარების ჩატარება ლუქსემბურგის ე. წ. საზაფხულო სკოლაში.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service