ENGLISH
 

30.12.2009   ბეჭდვა
საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია

საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკასთან და მოიცავს ფულად–საკრედიტო, სამთავრობო, საბანკო და სხვა სექტორებს. საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციის სტატისტიკის გამოქვეყნება დაიწყო 2007 წლიდან წლიური პერიოდულობით, ხოლო მონაცემთა მწკრივი მოიცავს ინფორმაციას 2005 წლის 31 დეკემბრიდან. 2009 წლიდან საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციის სტატისტიკა ქვეყნდება კვარტალური პერიოდულობით.

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია უარყოფითია და 2009 წლის მესამე კვარტალის ბოლოს –11.0 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 10.3 პროცენტით აღემატება, ხოლო მიმდინარე წლის მეორე კვარტალთან შედარებით 1.6 პროცენტით მეტია. მთლიანი აქტივები 3.0 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, აქედან 66.2 პროცენტი სარეზერვო აქტივების, ხოლო 20.4 პროცენტი ნაღდი ფულის და დეპოზიტების წილად მოდის. სარეზერვო აქტივები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 46.4 პროცენტით არის გაზრდილი და 30 სექტემბრისათვის 2.0 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. მნიშვნელოვნად მოიმატა ნასესხობის სპეციალური უფლებების (ნსუ) ანგარიშმა. 

რაც შეეხება ვალდებულებებს, საანგარიშო პერიოდისთვის, მთლიანმა ვალდებულებებმა 14.0 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. პირდაპირი ინვეს¬ტორებისადმი ვალდებულებები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.0 პროცენტით გაიზარდა, და 7.3 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. პორტფელის ინვესტიციის ვალდებულებებმა 880.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 500 მლნ აშშ დოლარი სამთავრობო ევრობონდებია.

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საანგარიშო კვარტალის ბოლოსათვის, ეროვნული ბანკის სასესხო ვალდებულებები 1.5–ჯერ გაიზარდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის  კრედიტების ხარჯზე და 699.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სამთავრობო სექტორის სასესხო ვალდებულებები 32.4 პროცენტით გაიზარდა. საპირისპიროდ, საბანკო სექტორის სასესხო ვალდებულებები 16.7 პროცენტით არის მოკლებული. აქედან, გრძელვადიანი ვალი 2.4 პროცენტით, ხოლო მოკლევადიანი ვალი 62.9 პროცენტით შემცირდა. გასული წლის ანალოგიური პერიოდის მიმართ, ვალდებულებები ნაღდი ფულის და დეპოზიტების სახით 23.7 პროცენტით შემცირდა.

2009 წლის აგვისტო–სექტემბერში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განახორციელა ნასესხობის სპეციალური უფლებების ახალი განაწილება. ამის შედეგად, საქართველომ მიიღო 144 მლნ ნსუ (225 მლნ აშშ დოლარის ექვივალენტი). რომლის ასახვაც, ერთის მხრივ, როგორც უკვე აღინიშნა, მოხდა სარეზერვო აქტივებში, ხოლო მეორეს მხრივ სხვა ინვესტიციების სხვა გრძელვადიან ვალდებულებებში. აქედან გამომდინარე, 2009 წლის მესამე მეოთხედის ბოლოსათვის ეროვნული ბანკის სხვა ვალდებულებებმა 228.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service