ENGLISH
 

24.10.2006   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნულ ბანკში კრედიტის შეფასებისა და მართვის შესახებ სემინარი გაიმართა

23 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულ ბანკში გაიხსნა სემინარი თემაზე – „კრედიტის შეფასება და მართვა კომერციულ ბანკებში“.სემინარს ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლები.  სემინარის ორგანიზატორია ლუქსემბურგის საფინანსო ტექნოლოგიების გადაცემის კვლევითი სააგენტო, რომელიც მსგავსი სახის სემინარებს გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ტექნიკური დახმარების პროგრამის საფუძველზე აფინანსებს. სემინარი საქართველოს ეროვნულ ბანკში სამ დღეს გაგრძელდება და მას ამავე სააგენტოს ექსპერტი ანდრე ტაიმანსი გაუძღვება.   სემინარზე ლუქსემბურგელი ექსპერტი მიმოიხილავს კომერციული ბანკების მიერ რისკისა და კაპიტალის მართვის, ზოგადად ფინანსური მენეჯმენტის საკითხებს; კომერციულ ბანკებში სესხის გაცემისას მისი რისკისა და შემოსავლიანობის შეფასების მექანიზმებისა და კრედიტის გაცემის ან არგაცემის არგუმენტირების საჭიროებას. ასევე ისაუბრებს კომერციული ბანკების საქმიანობის გაუმჯობესებაზე, კერძოდ, სესხებთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემების ფინანსური და ოპერაციული რესტრუქტურიზაციის გზით გადაჭრის საშუალებების, სტრატეგიის შემუშავებისა და საბანკო საქმიანობის ორგანიზების შესახებ, რათა მიღწეულ იქნეს საოპერაციო საქმიანობის უფრო სწრაფად, ხარისხიანად და ნაკლები დანახარჯებით წარმართვა.   ლუქსემბურგის საფინანსო ტექნოლოგიების გადაცემის კვლევითი სააგენტოს მიერ  ტექნიკური დახმარების პროგრამით გათვალისწინებულია საბანკო სპეციალისტებისთვის სამკვირიანი ტრეინინგ-სემინარების ჩატარება ლუქსემბურგის ე. წ. საზაფხულო სკოლაში.
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service