ENGLISH
 

12.10.2009   ბეჭდვა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა ვიზიტი

8–10 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა დელეგაციას მასპინძლობდა მეგ ლუნდსგერის(აშშ), ტომას მოზერის(შვეიცარია), კლაუს შტეინის (გერმანია), იანს ჰენრიქსონის(შვედეთი), ეიჯ ბეკერის(ჰოლანდია) და ი ჯიანქშონგის (ჩინეთი) შემადგენლობით. ფონდის ხელმძღვანელი პირები საქართველოში თურქეთიდან ჩამოვიდნენ, სადაც მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა.

მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მაღალი დონის შემადგენლობით ფონდის დირექტორთა პირველი ვიზიტი იყო საქართველოში და მიზნად ისახავდა ქვეყნის უფრო ახლოს გაცნობას. დირექტორებმა ქვეყნის ეკონომიკური გუნდის წევრებისაგან მოისმინეს იმ ძირითადი გამოწვევების შესახებ, რომლებიც საქართველოს ეკონომიკის წინაშე დგას და ისაუბრეს სავალუტო ფონდის როლზე ქვეყნის ამ გამოწვევებთან გამკლავების საქმეში.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდი ჩვენი ყველაზე დიდი პარტნიორია. ფონდის დახმარებით საქართველოში მაკროეკონომიკური სტაბილურობის თვალსაზრისით საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა. დღეს მათი უმაღლესი მმართველი ორგანოს წევრები საქართველოში არიან, რათა რეალურად ნახონ ის რეფორმები, რაც ჩვენს ქვეყანაში განხორციელდა. დარწმუნდნენ იმაში, რომ ის თანხები, რითაც ჩვენ გვეხმარებიან და ის ვალდებულებები, რომლებიც ჩვენ გვაქვს აღებული ნამდვილად სრულდება. ვფიქრობ, შევძელით დელეგაცია დაგვერწმუნებინა, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც სხვადასხვა მიმართულებით წარმატებას მიაღწია. მათი დახმარება არის გარანტი იმისა, რომ საქართველო კვლავაც განაგრძობს ეკონომიკურ განვითარებას“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.

აგვისტოს ომის შემდეგ სავალუტო ფონდი პირველი ორგანიზაცია იყო, რომელიც ძალიან ოპერატიულად გამოეხმაურა მთავრობის თხოვნას და 750 მილიონი აშშ დოლარის რესურსი გამოყო ომის უარყოფითი შედეგების შერბილებისათვის. სავალუტო ფონდის ქმედება მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო საქართველოს ფინანსური სექტორის მიმართ ნდობის გასაზრდელად და დონორი ორგანიზაციებისათვის დაფინანსების მობილიზაციისათვის. აღსანიშნავია, რომ საქართველო ფონდის წინაშე აღებულ ვალდებულებებს წარმატებით ასრულებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით, სასტუმრო „თბილისი–მარიოტში“ მრგვალი მაგიდა გაიმართა, რომელშიც ფონდის აღმასრულებელ დირექტორებთან ერთად საქართველოს მთავრობის, ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების ხელმღვანელები მონაწილეობდნენ.

მრგვალი მაგიდის შემდეგ აღმასრულებელმა დირექტორებმა ქართველ ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხეს. ფონდის სახელით გაკეთებულ განცხადებაში აშშ წარმომადგენელმა ქალბატონმა მეგ ლუნდსგერმა ისაუბრა იმ გზებზე, თუ როგორ შეძლებს სავალუტო ფონდი დაეხმაროს საქართველოს, დაძლიოს გლობალური ეკონომიკური კრიზისის ეფექტები.

„ჩვენ განვიხილეთ ფისკალური სტიმულირების პროგრამა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს იმისათვის, რომ შეამსუბუქოს კრიზისის ეფექტები და ასევე მთავრობის ვალდებულებაზეც რომ დაიწყოს ფისკალური კორექტირება მომდევნო ერთი წლის მანძილზე, რომელიც შესაბამისობაში იქნება ფისკალური დეფიციტის მყარ შემცირებასთან, უფრო მდგრადი და შენარჩუნებადი დონის მისაღწევად. საქართველო იგივე მოკლევადიანი და გრძელვადიანი ფისკალური გამოწვევების წინაშე დგას, როგორც ბევრი სხვა ქვეყანა, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ. დაინტერესებული ვართ შევისწავლოთ უფრო მეტი დეტალი პრეზიდენტის მიერ გახმაურებული ეკონომიკური თავისუფების აქტის შესახებ, რომელიც როგორც ჩვენ მივხდით მიზანმიმართულია საქართველოს ეკონომიკური ლიბერალიზაციის კურსის შესანარჩუნებლად და გასამყარებლად“, – განაცხადა მეგ ლუნდსგერმა.

ფონდი მიესალმება იმ ღონისძიებებს, რომელიც გატარდა სავალუტო აუქციონებზე გადასვლასთან დაკავშირებით, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს გაცვლითი კურსის კიდევ უფრო მოქნილობას ბაზარზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე. „ეს ნაბიჯები ხელს შეუწობს ცენტრალური ბანკის მენეჯმენტს შინაური ფულად–საკრედიტო პოლიტიკის გასატარებლად“,– განაცხადა აშშ წარმომადგენელმა.

საქართველოში ვიზიტის დროს სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორები იმყოფებოდნენ წეროვანში, სადაც იძულებულ ადგილნაცვალ პირთა დასახლება და ახლადაშენებული სკოლა მოინახულეს. რუსთავში შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საქმიანობას გაეცნენ. აღმასრულებელი დირექტორები აჭარას სტუმრობდნენ, სადაც მიიღეს ინფორმაცია რეგიონის ზრდადი ტურიზმისა და ტურისტული ბიზნესის შესახებ. სტუმრებმა ბათუმში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებიც დაათვალიერეს.

სავალუტო ფონდის აღმასრულებელი დირექტორები თბილისიდან ერევანში გაემგზავრნენ.

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service