ENGLISH
 

30.09.2009   ბეჭდვა
საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი

მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს. საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 2009 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 7781.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან 2325.8 მლნ აშშ დოლარი იყო სამთავრობო სექტორის ვალი (29.9%), 647.5 მლნ აშშ დოლარი (8.3%) – ეროვნული ბანკის, 1621.5 მლნ აშშ დოლარი (20.8%) – საბანკო სექტორის, 1142.1 მლნ აშშ დოლარი (14.7%) – სხვა სექტორებისა და 2044.2 მლნ აშშ დოლარი (26.3%) – კომპანიათაშორისი ვალი. მთლიანი საგარეო ვალის 94.8 პროცენტი დენომინირებულია უცხოურ ვალუტაში.

2009 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი გაიზარდა 56.6 მლნ აშშ დოლარით, აქედან 83.3 მლნ აშშ დოლარი მოდის სამთავრობო სექტორზე. მნიშვნელოვნად გაიზარდა სხვა სექტორების უცხოური ვალდებულებები (40.6 მლნ აშშ დოლარით). ასევე მოიმატა კომპანიათაშორისი და ეროვნული ბანკის სესხებმა, შესაბამისად,  24.9 და 22.4 მლნ აშშ დოლარით. მნიშვნელოვნად შემცირდა საბანკო სექტორის ვალი და კლებამ 114.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

საგარეო ვალდებულებების ზრდა დაფიქსირდა როგორც უცხოურ, ასევე ეროვნულ ვალუტაში. უცხოურ ვალუტაში მთლიანი ვალი კვარტლის განმავლობაში 39.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და პერიოდის ბოლოსათვის 7376.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ეროვნულ ვალუტაში სესხი 17.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 404.7 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.

სამთავრობო სექტორში საგარეო ვალის ზრდის დაახლოებით 70% (58.3 მლნ აშშ დოლარი) საკურსო ცვლილებით, ხოლო 30% (24.9 მლნ აშშ დოლარი) ოპერაციული ცვლილებებით იყო გამოწვეული.

ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 2009 წლის მეორე კვარტალში 1.5 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. თუმცა, საკურსო ცვლილებამ ეროვნული ბანკის სესხების 23.9 მლნ აშშ დოლარით ზრდა გამოიწვია.

საბანკო სექტორში გრძელდება საგარეო ვალდებულებების მნიშვნელოვანი შემცირების პროცესი. საანგარიშო პერიოდში საბანკო სექტორის მოკლევადიანი ვალი 16.3 მლნ აშშ დოლარით, ხოლო გრძელვადიანი – 101.3 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. საკურსო ცვლილებებმა საბანკო სექტორის ვალების 3.1 მლნ აშშ დოლარით ზრდა გამოიწვია.

მთლიანი საგარეო ვალი 2009 წლის მეორე კვარტალში ოპერაციული ცვლილებებით შემცირდა 61.2 მლნ აშშ დოლარით, ხოლო საკურსო ცვლილებების შედეგად 119.0  მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ძირითადად გამოწვეულია დოლარის კურსის შემცირებით ევროსთან და ნასესხობის სპეციალურ უფლებასთან (ნსუ) მიმართებაში.

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service