ENGLISH
 

24.09.2009   ბეჭდვა
ეროვნული ბანკის შესახებ ახალი ორგანული კანონი ძალაში 2009 წლის 1–ლი დეკემბრიდან შევა

დღეს საქართველოს პარლამენტმა III მოსმენით, 93 ხმით ერთის წინააღმდეგ კენჭი უყარა საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის პროექტს და მისგან გამომდინარე  კანონპროექტებს.

საქართველოს „ეროვნული ბანკის შესახებ“  ახალი ორგანული კანონი, რომელიც საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ეროვნულ ბანკთან შერწყმას ითვალისწინებს, 2009 წლის პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება.

საქართველოს ეროვნული ბანკის სახით ქვეყანაში ყალიბდება ძლიერი საფინანსო ინსტიტუტი, რომლის მთავარი ამოცანა ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობასთან ერთად, საბანკო და სადაზღვევო სფეროების თითოეული მომხმარებლის და ინვესტორთა  უფლებების დაცვა იქნება.

"ამ კანონის მიღებით ჩვენ გვექნება ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული საკანონმდებლო ბაზა ფინანსური სექტორის რეგულირების მიმართულებით" - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.

კანონპროექტის თანახმად,  ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს საბჭო უქმდება, რაც იმას გულისხმობს, რომ ეროვნული ბანკის ერთადერთი უმაღლესი ორგანო ეროვნული ბანკის საბჭო გახდება, რომელიც ზედამხედველობას ეროვნული ბანკის საქმიანობას გაუწევს. საბჭოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უხელმძღვანელებს.

ახალ კანონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნოვაცია სადაზღვევო სფეროსთან დაკავშირებული საკითხია. სადაზღვევო სფერო საკმაოდ მნიშვნელოვან სექტორს წარმოადგენს, რომელიც უკავშირდება როგორც მთლიანად სახელმწიფო, ასევე კონკრეტულ მოქალაქეთა ინტერესებსა და უფლებებს. მიმდინარე პროცესებმა აჩვენა, რომ, ამ მიმართულებით გადაუდებლად აუცილებელია უფრო ეფექტური რეგულირების დაწესება. ამჟამინდელი კანონმდებლობის საფუძველზე, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფლებამოსილება საკმაოდ მოუქნელია და მხოლოდ ლიცენზიების გაცემითა და გაუქმებით შემოიფარგლება. რაც, ბუნებრივია, ვერ უზრუნველყოფს სადაზღვევო ბაზრის ფინანსურ სტაბილურობასა და განვითარებას.

ეროვნულ ბანკს ეზრდება უფლებამოსილება სადაზღვევო სექტორის ზედამხედველობის კუთხით, რომელიც ადეკვატურია სადაზღვევო ბაზრის განვითარების დონესთან და ხელს შეუწყობს სახელმწიფოს მიერ დაზღვევის სფეროში განხორციელებული პროგრამების სათანადოდ შესრულებასა და მოქალაქეთა უფლებების დაცვას.

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service