ENGLISH
 

16.09.2009   ბეჭდვა
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 6 პროცენტზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა (მპკ) 2009 წლის 16 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6 პროცენტს შეადგენს.

აგვისტოში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა -3.1 პროცენტი შეადგინა, საშუალო წლიური ინფლაცია 3.3 პროცენტს შეადგენს. წლიური ინფლაციის ასეთი მკვეთრი ვარდნა საბაზისო ეფექტის შედეგია. კერძოდ, წინა წლის აგვისტოში რუსეთის აგრესიის შედეგად სურსათის ფასები დროებით გაძვირდა, ხოლო შემდგომი თვეების განმავლობაში ფასები ეტაპობრივად დაუბრუნდა ადრინდელ ნიშნულს. მოსალოდნელია, რომ წლის დარჩენილ პერიოდში წლიური ინფლაცია მოიმატებს და წლის ბოლოსათვის ინფლაციის დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდება.

აგვისტოს თვეში M3 ფართო ფულის წლიური ზრდის ტემპი მიმდინარე წლის იანვრის შემდეგ პირველად დადებითია, რაც ბოლო თვეების განმავლობაში ეკონომიკაში არსებულ დადებით ტენდენციებზე მიუთითებს.

როგორც მონეტარული პოლიტიკის წინა სხდომაზე აღინიშნა, მოსალოდნელი იყო საპროცენტო განაკვეთების შემცირება. უკვე სექტემბრის თვეში, შეინიშნება საპროცენტო განაკვეთების შემცირების პროცესი. ეროვნულ ბანკში გამართულ დღევანდელ აუქციონზე პირველად 2005 წლის შემდეგ გაიყიდა მთავრობის ერთწლიანი სახაზინო ვალდებულება, რამაც პრაქტიკულად შეკრა საპროცენტო განაკვეთების ერთწლიანი მრუდი. აღნიშნული მრუდი შეასრულებს ლარით დენომინირებულ აქტივებზე საპროცენტო განაკვეთების ორიენტირის ფუნქციას და ხელს შეუწყობს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას.

უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურებამ ხელი შეუწყო იმპორტის შეზღუდვას და ადგილობრივ ეკონომიკურ აქტივობას, რამაც შეამცირა სავაჭრო დეფიციტი.

სულ უფრო მზარდი რაოდენობა ქვეყნებისა აცხადებენ კრიზისიდან გამოსვლის დაწყების შესახებ, თუმცა ამ პროცესის მიმდინარეობის ტემპები განსხვავებულია. საერთაშორისო ბაზრის მონაწილეების მოლოდინი ევროზონის ქვეყნები უფრო სწრაფად მოხდება კრიზისიდან გამოსვლა, შესაბამისად გაჩნდა ევროზონაში მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთების აწევის მოლოდინი, რაც აისახა ბოლო პერიოდში ევროს გამყარებაში.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც ყურადღებით დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2009 წლის 14 ოქტომბერს გაიმართება.

<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service