ENGLISH
 

12.10.2006   ბეჭდვა
რუსეთი ფულად გზავნილებს ვერ აჩერებს

რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების აკრძალვის წინააღმდეგ რუსეთის საბანკო წრეების წარმომადგენლები გამოდიან. რუსული ინტერნეტ-გამოცემა „РБК“ ავრცელებს რუსეთის ფედერაციის ბანკების ასოციაციის პრეზიდენტ გარეგინ ტოსუნიანის განცხადებას, რომელშიც იგი ფულადი გზავნილების აკრძალვას არასწორ ქმედებად აფასებს.   ინტერნეტ-გამოცემის მიხედვით, გარეგინ ტოსუნიანი, რომელიც მონაწილეობს ერევანში გამართულ საერთაშორისო საბანკო კონფერენციაში – „ფულადი გზავნილები, საბანკო მომსახურების სახეები“, – სანქციების ამოქმედებას არაადეკვატურად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ამ მიზნით, რუსეთის საბანკო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან რუსეთის შეთანხმებებს, ასევე თავად რუსეთში მოქმედ სავალუტო ოპერაციების რეგულირების ნორმებს. მისი თქმით, ეკონომიკა, განსაკუთრებით კი საბანკო სფერო, ყველანაირი ბარიერის მოხსნისა და ინტეგრაციის გზით უნდა ვითარდებოდეს.   საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთ მიზანს ფონდის წევრებს შორის მრავალმხრივი საანგარიშსწორებო სისტემების ჩამოყალიბება და ქვეყნებს შორის ისეთი ოპერაციების აკრძალვის გამორიცხვა წარმოადგენს, რომელიც ხელს უშლის მსოფლიო ვაჭრობის ზრდას. როგორც საქართველო, ისე რუსეთი საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრები არიან და ამ პირობის დაცვას მათ აღნიშნული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის წესდება ავალდებულებს. რუსეთს, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრ ქვეყანას, 1996 წლიდან ვალდებულება აქვს აღებული, რომ თავი შეიკავოს მიმდინარე საერთაშორისო ტრანზაქციებზე, გადარიცხვებსა და ტრანსფერებზე რაიმე შეზღუდვის გამოყენებაზე, ასევე დისკრიმინაციური სავალუტო მექანიზმების ან მრავალმხრივი სავალუტო პრაქტიკის შემოღებაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასტურის გარეშე.  
<< უკან

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service