ENGLISH
 
სიახლე > პრესრელიზები

27.09.2005   ბეჭდვა
საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინაშე აღებულ ვალდებულებებს ასრულებს

საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინაშე აღებულ ვალდებულებებს ასრულებს, – ასე შეაფასეს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოს მაკროეკონომიკური პარამეტრები.   ვაშინგტონში შეხვედრებს საერთაშორისო სავალუტო ფონდში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე და ფინანსთა მინისტრი ალექსი ალექსიშვილი ესწრებოდნენ. „2005 წლის ბოლოს საქართველოს ყველა მაკროეკონომიკური მაჩვენებელი, რომლებიც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არის შეთანხმებული, პროგრამის ფარგლებში იქნება“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ. მისი თქმით, უკვე მზადაა და პარლამენტს წარედგინება ცვლილებები საბანკო კანონმდებლობაში. გარდა ამისა, ოქტომბერში ეროვნული ბანკი წარადგენს საქართველოში საბანკო სისტემის განვითარების სტრატეგიას.   რომან გოცირიძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ ეროვნული ბანკი ახორციელებს საბანკო და არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის რეფორმას. „ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია საქართველოს საბანკო სექტორის მონაწილეთა რეპუტაცია“, – აღნიშნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.   ფინანსთა მინისტრმა ალექსი ალექსიშვილმა ისაუბრა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე. მან ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტში განსახილველად მზადაა ახალი „საბაჟო კოდექსის“ პროექტი.   საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა მოიწონეს ის ფაქტი, რომ საქართველო ასრულებს სსფ-თან შეთანხმებულ პროგრამას. მათი შეფასებით, საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობა დამაიმედებელია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, რომლის მიერ მომზადებულ ანგარიშზე იქნება დამოკიდებული სსფ-ის დირექტორთა საბჭოს მიერ საქართველოსთვის მორიგი ტრანშის გამოყოფის გადაწყვეტილების მიღება, თბილისში მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩამოვა.   ვაშინგტონში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ და ფინანსთა მინისტრმა ალექსი ალექსიშვილმა მონაწილეობა მიიღეს სსფ-ისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრაში.   ფორუმის პარალელურად საქართველოს დელეგაციის წევრებმა ორმხრივი შეხვედრები გამართეს ორივე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციაში. შეხვედრები გაიმართა მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტთან შიგეო კაცუსთან, სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთან იერუნ კრემერსთან, სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან ჯულიან ბერენგაუტთან, სსფ-ის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორთან მოსინ ხანთან, ნიდერლანდების მთავრობის ვიცე-პრემიერსა და ფინანსთა მინისტრთან გერიტ ზალმთან, მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის ქვეყნების რეგიონულ დირექტორთან დოუსეთ ქოიროლოსთან.   საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრები 1946 წლიდან იღებს სათავეს. აღნიშნული თავყრილობების ფორმატი ითვალისწინებს შეხვედრას ვაშინგტონში (შტაბბინაში) ზედიზედ ორ წელს, ხოლო მესამე წელს – სხვა ქვეყანაში. მაგალითად, მომავალ წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა სინგაპურში შედგება.   ამ ფორუმებში მონაწილეობენ მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი სახელმწიფოების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი პირები და ფინანსთა მინისტრები.   საერთაშორისო სავალუტო ფონდის „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ პროგრამა, დაახლოებით 141,6 მლნ აშშ დოლარის მოცულობით, გასული წლის 4 ივნისს დამტკიცდა. აღნიშნული სამწლიანი პროგრამის ფარგლებში პირველი ტრანში, დაახლოებით 20 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, ეროვნულმა ბანკმა 2004 წლის 21 ივნისს მიიღო. მეორე ტრანში საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშზე 2005 წლის 11 იანვარს, ხოლო მესამე 5 აგვისტოს ჩაირიცხა. „სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის“ პროგრამის კრედიტების ვადა განისაზღვრება 10 წლით 0,5% წლიური სარგებლის გადახდითა და 5,5-წლიანი შეღავათიანი პერიოდით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრედიტები ხმარდება საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შევსებას, რომელმაც, 2005 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით, 437,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2004 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 73,8 მლნ აშშ დოლარით აღემატება

 
დაკავშირებული ბმულები:

 

 
Copyright © 2015 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service