ENGLISH
 
საგადახდო სისტემები > საგადახდო ინსტრუმენტები

საგადახდო ინსტრუმენტები

საკრედიტო საგადახდო დავალება
საინკასო დავალება
საგადახდო ბარათები
სხვა

საკრედიტო საგადახდო დავალება 

საკრედიტო საგადახდო დავალება ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული საგადახდო ინსტრუმენტია საქართველოში. მომხმარებლის მიერ მათი წარდგენა ხდება როგორც დოკუმენტური, ასევე ელექტრონული ფორმით. უკანასკნელი წლებში ელექტრონულად წარდგენილი საკრედიტო დავალებების წილი მუდმივად მატულობს და მას უკვე წამყვანი პოზიციები უკავია. კერძოდ, მისი წილი სულ შესრულებულ საკრედიტო დავალებებში შეადგენს 52%-ს რაოდენობის, ხოლო 58%-ს თანხის მიხედვით.

„2004 წლიდან მნიშვნელოვნად იზრდება საგადახდო ბარათების როლი მომხმარებლების მიერ გამოყენებულ ინსტრუმენტებს შორის. მიუხედავად ამისა შესრულებული დავალებების თანხობრივი მაჩვენებლებით საკრედიტო საგადახდო დავალება დღემდე უმნიშვნელოვანეს საგადახდო ინსტრუმენტად რჩება: 2015 წლის მონაცემებით სწორედ საკრედიტო საგადახდო დავალებებით ხორციელდება მომხმარებლების გადარიცხვების რაოდენობის 37% და თანხობრივი მოცულობის 95%-ზე მეტი."

საინკასო დავალება

საინკასო დავალება თავისი შინაარსით წარმოადგენს გარკვეული ტიპის სადებეტო საგადახდო დავალებას, რომლის გაცემა გადამხდელის ბანკისთვის ხდება საქართველოს კანონმდებლობით შესაბამისი უფლებებით აღჭურვილი პირის მიერ. საინკასო დავალების გამცემი პირი არ მოქმედებს როგორც გადამხდელი და რიგ შემთხვევაში არც თანხის მიმღებია. საინკასო დავალების შესრულებისათვის გადამხდელის ბანკს არ სჭირდება გადამხდელის თანხმობა. საინკასო დავალების გაცემა დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მკაცრად შეზღუდულ შემთხვევებში, როგორიცაა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ან იმ შემთხვევაში, თუ გადამხდელს ერიცხება საგადასახადო დავალიანება და სხვა. 

„2015 წლის მონაცემებით საინკასო დავალებების საფუძველზე განხორციელებული ოპერაციების რაოდენობის წილი მთლიან ოპერაციებში შეადგენდა 0,5%, ხოლო თანხობრივად - არ აღემატებოდა 1,5%"


საგადახდო ბარათები


საქართველოში საგადახდო ბარათების ბაზრის ჩამოყალიბების პირველი ნაბიჯები გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოდან გადაიდგა. პირველად კომერციულმა ბანკებმა დაიწყეს ლოკალური ბარათების ემისია. 1998 წლიდან გამოშვებულ იქნა პირველი Visa-ს საერთაშორისო ბარათები, ხოლო 1999 წელს - MasterCard-ის ბარათები. საქართველოში არსებული კომერციული ბანკები ასევე უშვებენ American Express-ის და ლოკალურ (Georgian Card-ის, UFC-ის, Smartivi და სხვა) ბარათებს.

საქართველოს საგადახდო ბარათების ბაზარი წარმოდგენილია როგორც სადებეტო, ასევე საკრედიტო სხვადასხვა კატეგორიის ბარათებით: ელექტრონი და Cirrus/Maestro-დან დაწყებული, მაღალი კლასის - გოლდი, პლატინუმი და ინფინიტის ბარათებით დამთავრებული. ნელ-ნელა პოპულარული ხდება ასევე ბიზნეს ბარათები, რომლებიც განკუთვნილია იურიდიული პირებისათვის.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგადახდო ბარათების ბაზარი ხასიათდება ინოვაციური პროდუქტების დანერგვის მაღალი ტემპით, რასაც თავისი მხრივ ეროვნული ბანკი ხელს უწყობს რეგულაციური თვალსაზრისით. ქვეყანაში განვითარებულია ჩიპიანი ბარათების ტექნოლოგიები, თანდათანობით შემოდის უკონტაქტო ბარათების ტექნოლოგიებიც, რომლებიც გამოიყენება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში, სკოლის სასადილოებში და ა.შ. 


საგადახდო ბარათების ბაზრის მკვეთრი განვითარება შეიმჩნევა 2004 წლიდან, რაც მეტწილად გამოიხატა გამოშვებული საგადახდო ბარათების რაოდენობისა და ბარათების მიმღები ობიექტების ქსელის საგრძნობი ზრდით მთელი ქვეყნის მასშტაბით. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იმატა საგადახდო ბარათებით განხორციელებული ტრანზაქციების ბრუნვამ, როგორც რაოდენობრივად, ასევე თანხობრივადაც.



სახელმწიფოს როლი საგადახდო ბარათების ბაზრის განვითარებაში

საგადახდო ბარათების, როგორც საგადახდო ინსტრუმენტის განვითარებაში კომერციულ ბანკების მიერ გატარებულ ღონისძიებებთან ერთად დიდი როლი ითამაშა სახელმწიფო პოლიტიკამაც, კერძოდ:

• ყველა სოციალური დახმარების (პენსიები, დევნილთა დახმარებები და სხვა) გაცემა დაიწყო საბანკო არხების საშუალებით. ბანკებმა აღნიშნული დახმარებების გაცემის მიზნით, მომხმარებლებს დაუმზადეს საგადახდო ბარათი, რის შედეგადაც მათ აღარ სჭირდებათ კონკრეტული მომსახურების ცენტრში მისვლა, არამედ შეუძლიათ თავანთი თანხა გამოიტანონ ბანკომატიდან (სერვის ცენტრიდან) ან განახორციელონ გადახდა ბარათის მომსახურების ნებისმიერ ობიექტში.

• საჯარო სამსახურებისთვის სავალდებულო გახდა თანამშრომლისთვის ხელფასების გაცემა მათი პირადი საბანკო ანგარიშის საშუალებით. ამ შემთხვევაშიც ყველა ბანკმა საჯარო სამსახურის თანამშრომლებს შესთავაზა საგადახდო ბარათები. არასაჯარო სექტორიც თავის თანამშრომლებზე ხელფასების გაცემას ამჯობინებს საგადახდო ბარათების საშუალებით,

• რიგი საჯარო სკოლის კვების ობიექტებში შეიზღუდა ნაღდი ფულით ვაჭრობა. ბანკებმა გამოუშვეს სპეციალურად მოსწავლეებისათვის ლიმიტირებული ფუნქციის მქონე ბარათები, რომელიც მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს მხოლოდ კონკრეტულ ობიექტში (სკოლის სასადილოში) და მხოლოდ მშობლის მიერ წინასწარ განსაზღვრული თანხის ფარგლებში.

სხვა

დისტანციური საბანკო მომსახურება

ტრადიციული საგადახდო ინსტრუმენტების პარალელურად ვითარდება დისტანციური საბანკო მომსახურების არხები, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს საბანკო ოპერაციები განახორციელონ სხვადასხვა ელექტრონული არხის გამოყენებით. დღეისათვის შეიძლება გამოვყოთ ქვეყანაში მოქმედი დისტანციური საბანკო მომსახურების შემდეგი ყველაზე გავრცელებული სახეობა: 

 ინტერნეტ-ბანკინგი - საბანკო მომსახურების გაწევა ინტერნეტის საშუალებით. მომხმარებელს აქვს წვდომა თავის საბანკო ანგარიშზე და შეუძლია სხვადასხვა საბანკო ოპერაციის განხორციელება ინტერნეტში ჩართული კომპიუტერიდან. 

• ბანკი-კლიენტი - სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის საშუალებითაც კლიენტებს საშუალება ეძლევათ აწარმოონ სხვადასხვა საბანკო ოპერაციები მათ კომპიუტერზე წინასწარ დაყენებული პროგრამის მეშვეობით.

• სატელეფონო ბანკინგი - სატელეფონო ხმოვანი კომუნიკაციის საშუალებით საბანკო მომსახურების მიღება. მომხმარებლის ვერიფიკაციისათვის ბანკები განსხვავებულ მეთოდებს გამოიყენებენ. სატელეფონო ბანკინგის საშუალებით მომხმარებელს საშუალება აქვს მიიღოს შემდეგი სახის მომსახურებები: საინფორმაციო სერვისი, გადაამოწმოს საკუთარ ანგარიშებზე ნაშთი და განახორციელოს მცირე თანხის გადახდის ოპერაციები

• მობაილ-ბანკინგი - დაფუძნებულია მობილური ინტერნეტის ტექნოლოგიაზე. იგი შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს მობილური ტელეფონის საშუალებით მართოს და აკონტროლოს თავისი საბანკო ანგარიშები, ასევე განახორციელოს გადახდის ოპერაციები.

• SMS ბანკინგი - გულისხმობს SMS-ის საშუალებით მომხმარებლისთვის მარტივი მომსახურებების გაწევას, როგორიცაა ინფორმირება მის მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ, ანგარიშზე არსებული ნაშთის შესახებ, მარტივი გადახდის ოპერაციების განხორციელება (მაგ. მობილური ტელეფონის ბალანსის შევსება), ბარათის დაკარგვის შემთხვევაში საგადახდო ბარათის დაბლოკვა (ან ადრე დაბლოკილ ბარათზე ბლოკის მოხსნა) და სხვა. 

ელექტრონული კომერცია

საგადახდო ბარათების ბაზრის განვითარებასთან ერთად, საქართველოში ვითარდება ელექტრონული კომერციის ბიზნესიც.

დღეისათვის საქართველოში მოქმედი  შვიდი კომერციული ბანკი ფლობს საერთაშორისო საგადახდო სისტემების ინტერნეტ-ექვაირინგის ლიცენზიას და წარმატებით ემსახურება სავაჭრო და მომსახურების (მათ შორის სახელმწიფო) სფეროებს. მათი ელექტრონული სისტემები მუშაობენ მსოფლიოში აღიარებული Verified by Visa და MasterCard Secure Code ტექნოლოგიების მეშვეობით, რაც გულისხმობს ბარათის აუტენტიფიკაციის სამ დონეს (3D Secure). 

ელექტრონული ფული

მომხმარებელს საშუალება აქვს ინტერნეტში გადახდა განახორციელოს არა მარტო საბანკო ბარათებით, არამედ ელექტრონული ფულის საშუალებითაც. საქართველოში  ფუნქციონირებს ელექტრონული ფულის რამოდენიმე ორგანიზაცია, რომელიც თავის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს კლიენტის ელექტრონული ფულის ანგარიშზე არსებული ნაშთის ფარგლებში განახორციელონ გადახდები ინტერნეტ სივრცეში, სხვადასხვა მომსახურების და პროდუქციის შესაძენად ან გადარიცხონ თანხა სხვა მომხმარებლის ელექტრონული ფულის ანგარიშზე.

თვითმომსახურების კიოსკი

საქართველოს საგადახდო ბაზარზე მაღალი ტემპით  ვითარდება ნაღდი ფულის მიმღები თვითმომსახურების კიოსკების ქსელი, რომლებიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მოხერხებული და ოპერატიული გზით განახორციელონ სხვადასხვა ტიპის გადახდები.

 

 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service