ENGLISH
 
საგადახდო სისტემები > RTGS სისტემა

დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემა (RTGS)


2010 წლის 3 დეკემბერს, ექსპლუატაციაში შევიდა დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) ახალი სისტემა, რომელსაც მართავს საქართველოს ეროვნული ბანკი. იგი ახორციელებს როგორც მაღალი, ასევე დაბალი თანხობრივი მოცულობის გადარიცხვების დამუშავებას.  ტრანზაქციების მიღება და დამუშავება ხდება როგორც პაკეტურ (bulk), ისე ინდივიდუალურ რეჟიმში.

სისტემის მონაწილეები არიან საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური და კომერციული ბანკები.

ახალი RTGS სისტემის დანერგვით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საბანკო სექტორის უშუალო მომხმარებელს შესთავაზა ეფექტური და გამართული საგადახდო სერვისი: მინიმუმამდეა დაყვანილი საოპერაციო რისკები, მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული სისტემაში გადარიცხვების დამუშავების პროცესი, საოპერაციო საათების განმავლობაში ბანკთაშორისი გადარიცხვები იწარმოება დავალებათა დამუშავების უწყვეტ რეჟიმში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უზრუნველყოფილია წვდომის უსაფრთხოება და სისტემაში გამავალი ინფორმაციის დაცულობა. 

სისტემაში ინტეგრირებულია ჩიხური სიტუაციების მართვის ავტომატიზებული მექანიზმი. გადარიცხვების დამუშავება ხორციელდება პრიორიტეტების გათვალისწინებით. გაუმჯობესდა ოპერაციების მონიტორინგისა და ანგარიშგების ფუნქციებიც. 

ბანკებს საშუალება აქვთ ისარგებლონ RTGS სისტემის დღის შიდა ლიკვიდობის საშუალებით, რომლის გამოყენება ხდება CSD სისტემის დახმარებით. დღის შიდა ლიკვიდობის გამოყენებას ახორციელებს მონაწილე ბანკი მის მიერ ამ დანიშნულებით წინასწარ დაგირავებული ფასიანი ქაღალდების ფარგლებში. 

სისტემაში გამოიყენება SWIFT და ISO სტანდარტის შეტყობინებები რომლებიც მორგებულია საქართველოს საბანკო სექტორის მოთხოვნებზე. 

RTGS სისტემის მჭიდრო ინტეგრაცია CSD სისტემასთან ამ უკანასკნელს აძლევს საშუალებას, რომ ფასიანი ქაღალდის გასხვისება და მასთან დაკავშირებული ფულადი სახსრებით ანგარიშსწორება მოხდეს ერთდროულად, ე.წ. DvP პრინციპის დაცვით, რის შედეგადაც მთლიანად აღმოფხვრილია ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორების რისკი.

სისტემა ფუნქციონირებს სისტემის წესებით განსაზღვრული პირობებისა და გრაფიკის შესაბამისად. 
  

 

 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service