ENGLISH
 
საგადახდო სისტემები > საგადახდო სისტემების განვითარების მიმოხილვა

საგადახდო სისტემების განვითარების მიმოხილვა

ბანკთაშორისი ანგარიშსწორების სისტემა
ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემები
საგადახდო ბარათების ინფრასტრუქტურა


ბანკთაშორისი ანგარიშსწორების სისტემა

საქართველოს საგადახდო სისტემის განვითარების ძირეულ ეტაპად 2001 წლის სექტემბერი უნდა იქნას მიჩნეული. ეს ის თარიღია, როდესაც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების (სავალუტო ფონდისა და USAD-ის) მხარდაჭერით განხორციელდა პირველი ბანკთაშორისი ანგარიშსწორების სისტემის (დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემა - RTGS) დანერგვა.

2003 წლიდან RTGS-ის მონაწილეთა (ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებს) შორის ინფორმაციის გაცვლა ხორციელდება მხოლოდ ელექტრონული სახით. 

2007 წლის აპრილიდან ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური RTGS სისტემაში ჩაერთო როგორც პირდაპირი მონაწილე.

2010 წლის 3 დეკემბერს ექსპლუატაციაში შევიდა დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) ახალი სისტემა, რომელმაც ჩაანაცვლა 9 წლის წინ დანერგილი სისტემა. ახალი სისტემის დანერგვის პროცესი მიმდინარეობდა მსოფლიო ბანკისა და USAID-ის მხარდაჭერით. წინა სისტემასთან შედარებით მონაწილეებისათვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა გადარიცხვების დამუშავების პროცესი, ლიკვიდობის მართვის ინსტრუმენტები, უსაფრთხოება და რეპორტინგი. დაინერგა შეტყობინებების დამუშავების თანამედროვე, ინოვაციური მეთოდები. მთლიანად საგადახდო სისტემაში გაუმჯობესდა სისტემური რისკებისა და საოპერაციო დღის მართვა. ასევე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სისტემის წარმადობა გადარიცხვების დამუშავების კუთხით.


ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემები

არსებული RTGS სისტემა მჭიდროდ არის ინტეგრირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების (CSD) სისტემასთან, რომელიც ექსპლოატაციაში შევიდა 2010 წლის 17 დეკემბერს. CSD სისტემის დანერგვით ეროვნული ბანკი გადავიდა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მართვის თანამედროვე, მაღალტექნოლოგიურ მოდელზე. სახელმწიფო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების მართვა გახდა სწრაფი და ურისკო.

საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი (GCSD), რომლის აქციონერები საქართველოს საფონდო ბირჟა და 4 ქართული ბანკია. 


საგადახდო ბარათების ინფრასტრუქტურა

საქართველოში საგადახდო ბარათების ბაზარის ჩამოყალიბების პირველი ნაბიჯები გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოდან გადაიდგა. ამ პერიოდში დაარსდა  საგადახდო ბარათების ორი საპროცესინგო კომპანია „ჯორჯიან ქარდი“ და „გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია“ (UFC), კომერციული ბანკების მიერ გამოშვებულ იქნა პირველი ლოკალური და ასევე საერთაშორისო ბარათი (ლოკალური - 1996 წელს, Visa – 1998 წელს, MasterCard – 1999 წელს), ასევე, გაჩნდა პირველი პოს-ტერმინალებისა და ბანკომატების ქსელი. თუმცა, საგადახდო ბარათების ბაზრის მკვეთრი განვითარება  უფრო მოგვიანებით - 2004 წლიდან დაიწყო, რაც მეტწილად გამოიხატებოდა საგადახდო ბარათების რაოდენობისა და ბარათების მიმღები ობიექტების ქსელის მნიშვნელოვანი ზრდაში, ასევე შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებით მთელი ქვეყნის მასშტაბით. ბოლო პერიოდში საგრძნობლად იმატა საგადახდო ბარათებით განხორციელებული ტრანზაქციების ბრუნვამ, როგორც რაოდენობრივად, ასევე თანხობრივადაც.

საგადახდო ბარათების მარეგულირებელი პირველი ნორმატიული აქტი 2007 წელს დამტკიცდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით, რომელიც 2011 წელს ჩაანაცვლა ახალმა ნორმატიულმა აქტმა. საგადახდო ბარათების მარეგულირებელი ახალი აქტი მიზნად ისახავს ინოვაციური ტიპის საგადახდო ბარათების დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობას. 

დღეს, საქართველოში არსებული 16 კომერციული ბანკიდან თექვსმეტივე ბანკი უშვებს საგადახდო ბარათებს, რომელთა საშუალებითაც შესრულებული ოპერაციები მუშავდება 7 საპროცესინგო ცენტრის საშუალებით. აქედან, 4 საპროცესინგო ცენტრი საქართველოს ტერიტორიაზეა განლაგებული, ხოლო 3 - საქართველოს ფარგლებს გარეთ.


 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service