ENGLISH
 
ქართული ფული

ქართული ფული

როგორც ცნობილია, ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მხოლოდ ეროვნულ ბანკს გააჩნია უფლება, განახორციელოს საქართველოს ტერიტორიაზე ფულის ნიშნების გამოშვება. ასევე, ეროვნულ ბანკს აქვს ექსკლუზიური უფლება, დაამზადოს, მიმოქცევის ან სხვა მიზნით, სამახსოვრო ფულის ნიშნები.

ეროვნული ბანკის საბჭო განსაზღვრავს და ამტკიცებს ლარის ბანკნოტებისა და მონეტების (თეთრების) დიზაინს, შემადგენლობას და სხვა მახასიათებლებს, რის შემდეგაც იწყება ფულისნიშნების ბეჭდვისა და მოჭრის პროცესში ჩაშვება. ქართული ფულის ნიშნები წამყვან ევროპულ ორგანიზაციებში მზადდება.

საქართველოს ტერიტორიაზე მზა ფულის ნიშნების ტრანსპორტირებას და შემდგომ ეროვნული ბანკის საცავებში მათ შენახვას ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს. მოსახლეობას ფულის ნიშნები კომერციული ბანკების მეშვეობით მიეწოდება.

ფულის ნიშნების მიმოქცევაში გასვლის შემდეგ იწყება მათი ცვეთის ბუნებრივი პროცესი, რაც, საბოლოო ჯამში, მიმოქცევისათვის მათ გამოუსადეგარობას იწვევს. ქაღალდის ფულის ნიშნების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 1-დან 5 წლამდე მერყეობს, გამომდინარე ნომინალის მოხმარების თავისებურებებიდან. მონეტები მიმოქცევაში გაცილებით დიდხანს ძლებს. ეროვნული ბანკი სისტემატურად ახორციელებს ხმარებისათვის გამოუსადეგარი ფულის ნიშნების მიმოქცევიდან ამოღებას და მათ ჩანაცვლებას შესაბამისი ოდენობის ახალი მონეტებითა და ბანკნოტებით. გამოუსადეგარი ფულის ნიშნების განადგურება ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ხდება.

ეროვნული ბანკი მთავარი ექსპერტია ეროვნული ვალუტის, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე - ექსპერტი უცხოური ვალუტისა და საბანკო ბილეთების ნამდვილობის დადგენის საქმეში. იგი სისტემატურად ახორციელებს მიმოქცევიდან ყალბი და ფალსიფიცირებული ფულადი ნიშნების ამოღებას. ამასთან, ყალბი და ფალსიფიცირებული ფულადი ნიშნების ამოღება ხდება კომპენსაციის გარეშე.

მიმოქცევისათვის განკუთვნილი ფულის ნიშნების ემისიის გარდა, ეროვნული ბანკი კანონმდებლობით არის უფლებამოსილი, გამოუშვას ნუმიზმატური დანიშნულების - სამახსოვრო და საინვესტიციო მონეტები.

  

 

დაკავშირებული ბმულები:

 
Copyright © 2015 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service