ფინანსური ხარჯები

ხარჯი, რომლის გადახდა აუცილებელია საბანკო პროდუქტით სარგებლობისას. ფინანსურ ხარჯებში შედის:
 • კრედიტით სარგებლობის შემთხვევაში, შენატანები სესხის ძირითადი თანხის დასაფარად და დარიცხული პროცენტი;
 • ბანკის მიერ დაწესებული მომსახურების საკომისიოები;
 • ბანკის მიერ დაწესებული ტრანზაქციისა და საკომისიო ხარჯები, მაგალითად, თანხის გადარიცხვის და/ან განაღდების საკომისიო;
 • დაზღვევის ხარჯები იმ შემთხვევაში, თუ დაზღვევა კანონმდებლობით არ არის სავლდებულო და მისი შეძენა გიწევთ საბანკო პროდუქტით სარგებლობის გამო;
 • ქონების ღირებულების შეფასების ხარჯები;
 • სანოტარო ხარჯები;
 • ადმინისტრაციული ორგანოს მომსახურებისათვის დაწესებული საფასური, მაგალითად, საჯარო რეესტრიდან ინფორმაციის გამოთხოვის ხარჯი;
 • ნებისმიერი სხვა ხარჯი, რომლის გაწევაც აუცილებელია საბანკო პროდუქტის მიღების, მოხმარებისა და სარგებლობის დასრულებისთვის.
 • კრედიტით სარგებლობის შემთხვევაში, თუ თქვენს მიერ კრედიტით შეძენილი საქონლის ფასი აღემატება საქონლის საცალო ფასს, რომელსაც გადაიხდიდით სესხის აღების გარეშე, დადებითი განსხვავება ფასებს შორის მიეკუთვნება ფინანსურ ხარჯს; აღნიშნული ეხება მხოლოდ დაკავშირებულ საკრედიტო ხელშეკრულებებს.
დაკავშირებული საკრედიტო ხელშეკრულება არის საკრედიტო ხელშეკრულება ბანკსა და მომხმარებელს შორის, რომლის მიხედვითაც ბანკი კრედიტს გასცემს უშუალოდ საქონლის ან მომსახურების მიწოდების სხვა წინასწარ განსაზღვრული კონკრეტული შეთანხმების დაფინანსებისათვის.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ისეთი ხარჯები, რომლებსაც თქვენ გადაიხდიდით ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, ისარგებლებდით თუ არა საბანკო პროდუქტით, არ შედის ფინანსურ ხარჯებში. ასეთი ხარჯია, მაგალითად, პირადობის მოწმობის აღების საფასური (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაითვალისწინეთ, რომ საიტზე მოცემული ინფორმაცია არის რჩევითი ხასიათის, ძირითადად გადმოცემულია გამარტივებული ენით და არ არის გამიზნული  სამართლებრივი განხილვის პროცესებში გამოსაყენებლად, მათ შორის, როგორც ეროვნული ბანკის პოზიცია.

 

Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service