სიახლე > აქტუალური თემები



მომხმარებელთა დაცვა ეროვნული ბანკის დღის წესრიგში

საქართველოს საფინანსო სექტორის სამომხმარებლო ბაზარზე მომხმარებელთა დაცვის, გამჭვირვალე კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბების და საცალო ბაზარზე საკრედიტო რისკების შემცირების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა „საბანკო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების“ წესი.

განვლილმა ფინანსურმა კრიზისმა სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად ფიზიკური პირების მიერ სამომხმარებლო სესხის აღებასთან დაკავშირებული ვალდებულებებების და  გადახდისუნარიანობის უფრო ღრმა ანალიზის აუცილებლიბაც წამოჭრა. ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევა ცხადყოფს, რომ მომხმარებელთა მნიშვნელოვანი უკმაყოფილების საბაბს ხშირად წარმოადგენს შემდეგი თემები: საცალო პროდუქტებთან დაკავშირებული დაფარული ხარჯები, ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ცალმხრივი ცვლილების შესაძლებლობა მომხმარებლის ინფორმირების გარეშე, სხვადასხვა ანგარიშებზე თანხების კონტროლის შეზღუდულობა და სხვა. იმისათვის, რომ განხორციელდეს მომხმარებელთა გააზრებული ეკონომიკური აქტივობების წახალისება მნიშვნელოვანია საზოგადოების ფინანსური ცნობიერების და ნდობის ამაღლება, ასევე ბანკების პასუხისმგებლური მიდგომის გაძლიერება საბანკო მომსახურების გაწევისას და საჭიროა მინიმალური რეგულირების ნორმების შემოღება საცალო პროდუქტების მნიშვნელოვანი მახასიათებლების სტანდარტიზაციისათვის.

2010 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მომხმარებელთა დაცვის გაძლიერებისათვის შემუშავებული გეგმის ფარგლებში პირველ ეტაპზე განხორციელდა „საბანკო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების“ წესის შემუშავება. იგი გავრცელდება ფიზიკური პირებისათვის ყველა სახის სამომხმარებლო  კრედიტის გაცემასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებზე, როდესაც კრედიტის მთლიანი თანხა აღემატება სამას ლარს და ნაკლებია ორმოცდაათი ათას ლარზე,  ასევე, ფიზიკური პირების ყველა სახის სადეპოზიტო ხელშეკრულებებზე, რომელთა პირველადი შენატანი ნაკლებია ორმოცდაათი ათას ლარზე. წესის თანახმად, ბანკები ვალდებულნი იქნებიან ხელშეკრულებებში გაწერონ ყველა ფინანსური ხარჯი, რომელიც კრედიტითა და დეპოზიტით სარგებლობასთან არის დაკავშირებული, პროდუქტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, ინფორმაცია სავალუტო რისკების შესახებ, ხელშეკრულების პირობების ცვლილების წესი და სხვ. სამომხმარებლო ხელშეკრულებებს სავალდებულო წესით ექნებათ თავსართი, რომელშიც განთავსდება ხელშეკრულების მხოლოდ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პირობები. ბანკებს, აგრეთვე, დაევალდებულებათ, შეიმუშაონ პრეტენზიების გამოხატვის სტანდარტული წერილობითი პროცედურა და მიღებული განაცხადების სტატისტიკის ანგარიშგება ყოველთვიური რეგულარობით აწარმოონ საქართველოს ეროვნულ ბანკთან.

წესის შემუშავების პარალელურად, ეროვნულ ბანკში შეიქმნა მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტრუქტურული ერთეული. იგი მონიტორინგს გაუწევს საფინანსო სექტორის სამომხმარებლო ბაზარზე მომხმარებელთა უფლებების დაცვას, გააანალიზებს და გამოაქვეყნებს სტატისტიკას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, უპასუხებს ცხელ ხაზზე – 2 406 406, შემოსულ ზარებს და გასცემს კომპეტენტურ რეკომენდაციებს. განყოფილება ასევე ადმინისტრირებას გაუწევს მოხმარებელთათვის სპეციალურად განკუთვნილ საინფორმაციო გვერდს, რომლის უმთავრესი დანიშნულება მომხმარებელთა ფინანსური ცნობიერების ამაღლება და მომხმარებელთა დაცვასთან დაკავშირებული სიახლეების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობის შესაძლებლობა იქნება.

მომხმარებელთა დაცვის გაძლიერების სამოქმედო გეგმის შემდგომ ეტაპებზე განხორციელდება კომერციულ ბანკსა და კლიეტს შორის წინასახელშეკრულებო ურთიერთობის რეგულირებას დაქვემდებარება, აგრესიულ ბიზნეს ქმედებებზე სანქციების გამკაცრება, მოხმარებლისადმი უტყუარი და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების შესრულების შემოწმების მექანიზმების განვითარება და სხვა საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებული ღონისძიებების გატარება. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ განყოფილება საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციის საფუძველზე დროდადრო გამოავლენს მომხმარებელთა არსებით პრობლემებს, რომლებიც, სავსებით შესაძლებელია, მათი მნიშვნელოვნობიდან გამომდინარე, მომავალი საკანონმდებლო ინიციატივების საფუძველი გახდეს.

.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაითვალისწინეთ, რომ საიტზე მოცემული ინფორმაცია არის რჩევითი ხასიათის, ძირითადად გადმოცემულია გამარტივებული ენით და არ არის გამიზნული  სამართლებრივი განხილვის პროცესებში გამოსაყენებლად, მათ შორის, როგორც ეროვნული ბანკის პოზიცია.

 

Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service