სიახლე > ახალი ამბები

17.04.2015   ბეჭდვა
მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

სასტუმრო “რუმს ჰოტელ თბილისში” ლევან გოგოლაძის წიგნის "მომხმარებელთა უფლებების დაცვა ბანკებში" გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი გამოიცა საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის (SBFIC) პროექტის - დანაზოგების დაგროვება და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში, საქართველოს საბანკო ტრენინგ ცენტრთან (GBTC) და საქართველოს ბანკების ასოციაციასთან (ABG) თანამშრომლობით. წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების განვითარებისა და მხარდაჭერის ასოციაციის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

აღნიშნული გამოცემა პირველი სახელმძღვანელოა, რომელიც  ქართულ საფინანსო სექტორში მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებს მიმოიხილავს. პროექტის მიზანია საბანკო სექტორში მომხმარებელთა უფლებების დაცვის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ინფორმირებულობისა და ფინანსური განათლების დონის ამაღლება. მასში მიმოხილულია მომხმარებელთა უფლებების დაცვის ზოგადი პრინციპები და მათი დაცვის აუცილებლობა, უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ინსტიტუტებისა და მხარეების როლი, ფინანსური განათლების მნიშვნელოვანი ასპექტები, ინფორმაცია ჭარბვალიანობასთან და თავდებობასთან დაკავშირებული რისკებისა და მათი თავიდან აცილების გზების შესახებ. წიგნში განხილულია როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნების მაგალითები. სახელმძღვანელო განკუთვნილია საბანკო-საფინანსო სექტორის თანამშრომლებისთვის, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისათვის და საკითხით დაინტერესებული ნებისმიერი მკითხველისთვის.

წიგნის ავტორმა, ლევან გოგოლაძემ სტუმრებს გააცნო გამოცემის შინაარსი, ასევე ისაუბრა მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებსა და სახელმძღვანელოს პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობებზე. როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა ოთარ ნადარაიამ აღნიშნა, ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვა და ფინანსური განათლების დონის ამაღლება ეროვნული ბანკის ერთ–ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. შესაბამისად, ეროვნული ბანკი მიესალმება ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს ფინანსური სექტორის წარმომადგენლების მხრიდან მომხმარებელთა უფლებების დაცვის მოთხოვნების უკეთ შესრულებასა და როგორც მათი, ასევე ფართო საზოგადოების ფინანსური განათლების დონის ამაღლებას. აღნიშნული გამოცემაც ამ მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯია. წიგნი დაეხმარება კომერციული ბანკების თანამშრომლებს უკეთ გაიაზრონ მომხმარებელთა უფლებების დაცვის ზოგადი პრინციპები, ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მისცემს საშუალებას გაეცნოს საერთაშორისოდ აღიარებულ მიდგომებს ამ კუთხით.



.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაითვალისწინეთ, რომ საიტზე მოცემული ინფორმაცია არის რჩევითი ხასიათის, ძირითადად გადმოცემულია გამარტივებული ენით და არ არის გამიზნული  სამართლებრივი განხილვის პროცესებში გამოსაყენებლად, მათ შორის, როგორც ეროვნული ბანკის პოზიცია.

 

Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service