სიახლე > ახალი ამბები

15.03.2014   ბეჭდვა
საქართველოში წელს პირველად გლობალური ფულის კვირეული აღინიშნა

საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით, წელს პირველად საქართველო გლობალური ფულის კვირეულს აღნიშნავს. ფულის კვირეული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ყოველწლიურად, მარტის თვის პირველ ნახევარში იმართება, რომლის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა თაობის ჩართულობას ფულის დაზოგვის, ეკონომიკური სისტემის ცვლილებისა და ფინანსური მომავლის შესახებ დისკუსიაში. ასევე დაეხმაროს მათ ფინანსური შესაძლებლობების გაძლიერებაში.

ფულის კვირეულის ფარგლებში დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საგანმანათლებლო ტური სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებისათვის მოაწყო. ახალგაზრდები ყვარელში, ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმს ეწვივნენ და ქართული ფულის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. კვირეულის ფარგლებში ახლგაზრდებმა ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმიც დაათვალიერეს.

„გლობალური ფულის კვირეული გასულ წელს 80 ქვეყნის 400-ზე მეტმა ორგანიზაციამ აღნიშნა და მილიონზე მეტი ბავშვი და ახალგაზრდა იყო ჩართული სხვადასხვა სახის ღონისძიებებში, წელს ეროვნული ბანკიც ჩაერთო ამ ღონისძიებაში და ფულის კვირეულის ფარგლებში სოციალურად დაუცველი ოჯახების პატარებისთვის საგანმანათლებლო ტური მოაწყო ფულის მუზეუმში. საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი რეგულარულად მასპინძლობს სტუმრებს და აცნობს მათ ქართული ფულის ისტორიას. ჩვენ განსაკუთრებით ვცდილობთ მოვიზიდოთ და დავაინტერესოთ ახალგაზრდა თაობა, რათა ისინი ფლობდნენ მეტ ინფორმაციას ქართული ფულის ისტორიის და ზოგადად ფულის შესახებ. ჩვენი მუზეუმი კი ამ მხრივ ერთადერთი და უნიკალურია საქართველოში. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ღონისძიების აღნიშვნაში ეროვნულ ბანკს სხვა ფინანსური და საგანმანათლებლო ორგანიზაციებიც შეუერთდებიან. ვფიქრობთ, გლობალური ფულის კვირეულის ყოველწლიურად აღნიშვნა საშუალებას მოგვცემს უფრო მეტ ბავშვსა და ახალგაზრდას მივაწოდოთ ინფორმაცია ფულისა და დაზოგვის კულტურის, ასევე პირადი ფინანსების მართვის მნიშვნელოვნების შესახებ, რაც ფინანსური განათლების დონის ამაღლებისა და ფინანსური ჩართულობის ერთ-ერთი წინაპირობაა”, - განაცხადა ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა.


.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაითვალისწინეთ, რომ საიტზე მოცემული ინფორმაცია არის რჩევითი ხასიათის, ძირითადად გადმოცემულია გამარტივებული ენით და არ არის გამიზნული  სამართლებრივი განხილვის პროცესებში გამოსაყენებლად, მათ შორის, როგორც ეროვნული ბანკის პოზიცია.

 

Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service