ფილიპსის მრუდის იდენტიფიკაცია საქართველოსათვის

ფილიპსის მრუდის იდენტიფიკაცია საქართველოსათვისდღეისათვის აქტიურად მიმდინარეობს დისკუსია ფილიპსის მრუდთან დაკავშირებით, რომელიც აღწერს მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ინფლაციასა და ეკონომიკურ აქტივობას შორის. ინფლაციასა და ეკონომიკის ციკლურ პოზიციას შორის კავშირის სტატისტიკურად დადგენას ართულებს მონეტარული პოლიტიკის ენდოგენური ხასიათი: თუ მონეტარული პოლიტიკა წარმატებით უმკლავდება მოთხოვნის შოკებს, მაშინ მონაცემებში ჩვენ დავინახავთ მხოლოდ მიწოდების მხარეს არსებული შოკების შედეგებს. შესაბამისად, ინფლაციასა და ერთობლივ მოთხოვნას შორის ურთიერთკავშირი ჩანს უარყოფითი, იმის მიუხედავად, რეალურად არსებობს თუ არა დადებითი დახრილობის მქონე ფილიპსის მრუდი. ამდენად, მნიშვნელოვანია მონეტარული პოლიტიკის ენდოგენური რეაქციის გათვალისწინება ფილიპსის მრუდის ეკონომეტრიკული შეფასების დროს.


წინამდებარე კვლევაში ჩვენ ორი ეკონომეტრიკული მეთოდის, GMM-ისა და ARDL-ის, გამოყენებით ვცდილობთ აღნიშნული ურთიერთკავშირის შეფასებას. შედეგების მიხედვით, საქართველოს შემთხვევაში ფილიპსის მრუდის დახრილობა დადებითი, თუმცა შედარებით მცირეა, მიუხედავად იმისა, რომ ერთობლივი მოთხოვნის ინფლაციაზე გავლენა მაინც უფრო დიდია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. არსებული მაღალი "მსხვერპლის ნორმა" (sacrifice ratio), რაც მაღალი ინფლაციის შემცირების ხარჯს ზრდის, მიუთითებს იმის საჭიროებაზე, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კვლავაც გააგრძელოს პროაქტიული და ადრეული რეაგირება ინფლაციურ მოლოდინებზე.


ასევე, შეფასების მიხედვით, ეკონომიკური აგენტების, თითქმის ნახევარი მოლოდინებს აყალიბებს წარსულზე დაყრდნობით (ხოლო მეორე ნახევარი კი მომავალზეა ორიენტირებული). შესაბამისად, მიუხედავად გასული ათწლეულის მანძილზე მიღწეული წარმატებისა, კვლავაც არსებობს შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს ინფლაციური მოლოდინების მართვის ეფექტურობა.

ვრცლად იხილეთ ნაშრომი

კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით