საცალო დაკრედიტების რეგულირების საერთაშორისო გამოცდილება

სლოვენიისა და ბელგიის მაგალითები


ჭარბი დაკრედიტებიდან მომდინარე რისკების შესამცირებლად, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სტანდარტები ოქტომბერში კიდევ ორმა ცენტრალურმა ბანკმა დააწესა.


სლოვენიის ცენტრალურმა ბანკმა, სამომხმარებლო სესხების ზრდის შედეგად წარმოქმნილი მოწყვლადობის შესამცირებლად, 2019 წლის ნოემბრიდან დაკრედიტების სტანდარტების შემოღება გადაწყვიტა.


არსებული შეფასებით, სლოვენიაში შინამეურნეობის სესხების მშპ-თან ფარდობა 31%-ს შეადგენს. თუმცა, გასული 3 წლის განმავლობაში სამომხმარებლო სესხების მოცულობა დაახლოებით 50%-ით გაიზარდა;


გაზრდილი მოწყვლადობიდან გამომდინარე, სლოვენიის ცენტრალურმა ბანკმა  სესხის მომსახურების კოეფიციენტსა (PTI) და სამომხმარებლო სესხის ვადიანობაზე ზღვრები დაადგინა. ასევე, ფინანსურ ინსტიტუტებს სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტის (LTV) რეკომენდებულ ზღვარზეც მიუთითა.


ბელგიის ცენტრალურმა ბანკმა იპოთეკური სესხების ბაზარზე გამოვლენილი რისკების საპასუხოდ, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სტანდარტების დანერგვა დააანონსა.

 



აღნიშნული რისკები ევროპის სისტემური რისკების საბჭომაც (ESRB) გამოავლინა და ბელგიის ცენტრალურ ბანკს დაკრედიტების სტანდარტების შემოღების რეკომენდაცია მისცა, რათა იპოთეკების სწრაფი ზრდის პირობებში შეემცირებინა დაკრედიტება იმ შინამეურნეობებზე, რომლებიც ფინანსური რყევებისას ვერ შეძლებდნენ სესხის მომსახურებასა და მოხმარების სათანადო დონეზე შენარჩუნებას. ამასთან, შეერბილებინა ფინანსური სტაბილურობის რისკები მსესხებლების გადახდისუუნარობის გამო, რაც უძრავი ქონების ფასების შემდგომ ვარდნასაც გამოიწვევდა;


რისკების შესამცირებლად, 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება ზღვარი სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტზე (LTV). ასევე, ფინანსურმა ინსტიტუტმა სესხის გაცემისას სესხის მომსახურების კოეფიციენტიც (PTI) უნდა გაითვალისწინოს;


ბელგიაში ფინანსური კრიზისის შემდეგ შინამეურნეობების ვალის მშპ-თან თანაფარდობა დაახლოებით 14 პპ-ით გაიზარდა და 64 პროცენტი შეადგინა;


აღსანიშნავია, რომ IMF Financial Access Survey - ს მონაცემებით, ბელგიაში ყოველი 1 000 ადამიანიდან 662-ს საბანკო სესხი აქვს, რაც თურქეთის (716) შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მესამე ადგილს საქართველო (637) იკავებს.


სლოვენიისა და ბელგიის ცენტრალური ბანკების მიერ მიღებული ზომები ცხადყოფს, რომ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სტანდარტის დანერგვა მნიშვნელოვანია ქვეყნის წინაშე არსებული ფინანსური რისკების შესამცირებლად და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად.

 

კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით