რა შეიძლება გამოიწვიოს არაჯანსაღმა დაკრედიტებამ?

საცალო დაკრედიტების რეგულირების საერთაშორისო გამოცდილება - იაპონიის მაგალითი


კიდევ ერთი ქვეყნის, ამჯერად იაპონიის გამოცდილება ჭარბი დაკრედიტების გავლენასთან დაკავშირებით, რომელიც ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს პასუხისმგებლიან დაკრედიტებას ქვეყნის ეკონომიკისათვის.


 

მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან, იაპონიაში მაღალი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდებოდა (1950-1990 წლებში საშუალო 6%-ს აღემატებოდა), რამაც უძრავ ქონებაზე მაღალი მოთხოვნა განაპირობა;


ეკონომიკური ზრდისა და ფინანსური ლიბერალიზაციის ფონზე, შინამეურნეობები და კომპანიები უძრავი ქონების ფასის მატებას მოელოდნენ. შედეგად, გაიზარდა სესხებზე მოთხოვნა, შემდგომი ინვესტირებისთვის უძრავ ქონებასა და საფონდო ბირჟაზე (ძირითადად, ნიკეის ინდექსში - The Nikkei 225 stock index);


უძრავი ქონების ფასის ზრდის მოლოდინით ბანკებმა დაიწყეს შერბილებული საკრედიტო პირობებით, მომხმარებელთა გადახდისუნარიანობის შესწავლის გარეშე დიდი ოდენობით სესხების გაცემა;

 

შედეგად, შინამეურნეობების ვალის ფარდობა მშპ-სთან 1980-1989 წლებში, 47%-დან 70%-მდე გაიზარდა;


იმავე პერიოდში, მიწის ფასის ინდექსი 3-ჯერ, ხოლო ნიკეის ინდექსი 5.6-ჯერ გაიზარდა, რაც ფასების ბუშტის არსებობაზე მიუთითებდა. აღსანიშნავია, რომ 1980-იანი წლების ბოლოს ორივე ინდექსის ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა, მიმდინარე პერიოდშიც კი ამ ინდექსების მნიშვნელობა ნაკლებია;


1989 წელს, ინფლაციის შესამცირებლად, იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად 2.5%-დან 6%-მდე გაზარდა, რამაც ვალის მომსახურების გაძვირება გამოიწვია;


იქიდან გამომდინარე, რომ შინამეურნეობებსა და კომპანიებს არ ჰქონდათ საკმარისი ბუფერები, გაზრდილი ვალის მომსახურების გამო დაიწყეს უძრავი ქონებისა და სხვა აქტივების გაყიდვა. შედეგად, გაზრდილმა მიწოდებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების ფასისა და საფონდო ბირჟის "ბუშტის" გახეთქვა განაპირობა. 1991 წელს ნიკეის ინდექსი 50%-ით დაეცა;


უძრავ ქონებაზე ფასების შემცირებამ და უმუშევრობის ზრდამ კიდევ უფრო გააუარესა შინამეურნეობების ფინანსური მდგომარეობა. შედეგად, სავალუტო ფონდის კვლევის მიხედვით, უმოქმედო სესხების მოცულობა ეტაპობრივად გაიზარდა და სესხების 35%-ს მიაღწია. უმოქმედო სესხების მაჩვენებელი ცხადყოფს, რომ გაცემული სესხები დაბალი ხარისხის იყო;


უპასუხისმგებლო დაკრედიტებისა და ჭარბი მოთხოვნის შედეგად, იაპონიის "ეკონომიკურ სასწაულს" "დაკარგული დეკადა" მოჰყვა. 1990-2000 წლებში იაპონიის ეკონომიკა საშუალოდ 0.5%-ით იზრდებოდა. მსოფლიო ბანკის შეფასებით, აღნიშნულ პერიოდში გამოშვების დანაკარგმა მშპ-ს 48% შეადგინა.


იაპონიის გამოცდილება ცხადყოფს, რომ არაჯანსაღმა დაკრედიტებამ და ჭარბმა მოთხოვნამ შესაძლოა ეკონომიკის ხანგრძლივი სტაგნაცია გამოიწვიოს. აღნიშნული რისკის შემცირება მხოლოდ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრაქტიკის დამკვიდრებითაა შესაძლებელი.


წყარო: The Japanese Banking Crisis of the 1990s: Sources and Lessons

კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით