საცალო დაკრედიტების რეგულირების საერთაშორისო გამოცდილება

ირლანდიის მაგალითი

 

ჭარბი დაკრედიტების გავლენასთან დაკავშირებით, განვიხილოთ კიდევ ერთი ქვეყნის, ირლანდიის გამოცდილება:

 

ირლანდიის მაგალითი

 

 

კრიზისამდე, 1995-2007 წლებში, ირლანდიის ეკონომიკა სწრაფი ტემპით იზრდებოდა, რამაც უძრავ ქონებაზე მოთხოვნის ზრდა განაპირობა;


საწყის წლებში უძრავ ქონებაზე მოთხოვნის ზრდა ფუნდამენტური ფაქტორებით იყო განპირობებული, თუმცა შემდეგ მოთხოვნის ზრდას შერბილებულმა საკრედიტო პირობებმა შეუწყო ხელი;


კომერციული ბანკები, ფასების ზრდის მოლოდინიდან გამომდინარე, სესხებს შინამეურნეობებზე გადახდისუნარიანობის შესწავლის გარეშე გასცემდნენ;


შინამეურნეობების ვალის ფარდობა მშპ-სთან 2002-2008 წლებში, 53%-დან 108%-მდე გაიზარდა, რაც პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების არარსებობაზე მიუთითებს;


ამავდროულად, ფასებისა და მოთხოვნის ზრდის მოლოდინიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად გაიზარდა ბინების მიწოდება. 2004-2007 წლებში სამშენებლო კომპანიებზე გაცემული სესხები 222%-ით გაიზარდა;

 

ჯამურად, უძრავი ქონების სექტორზე გაცემულმა სესხებმა მთლიანი საბანკო პორტფელის ნახევარს გადააჭარბა. შედეგად, გაიზარდა ირლანდიის მოწყვლადობა უძრავი ქონების სექტორის მიმართ;


საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, 2006 წლის ანგარიშში, სწორედ დაკრედიტებისა და უძრავი ქონების სექტორის არამდგრად ზრდას გაუსვა ხაზი და შესაბამის ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდა;


შერბილებულმა საკრედიტო პირობებმა და უძრავ ქონებაზე გაზრდილმა მოთხოვნამ ფასების ბუშტის წარმოქმნა გამოიწვია. საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები 1997 წლიდან 2007 წლამდე 246%-ით გაიზარდა;


2007 წელს უძრავი ქონების ფასმა შემცირება დაიწყო, ახალაშენებული ბინების მნიშვნელოვანი ნაწილი გაუყიდავი დარჩა, შედეგად მოლოდინი უძრავი ქონების ფასზე შეიცვალა, რამაც გლობალურ ფინანსურ კრიზისთან ერთად, ფასების ბუშტის გახეთქვა განაპირობა;


კრიზისის შედეგად, ირლანდიის ეკონომიკა 2008-2009 წლებში ჯამურად 10%-ით შემცირდა, უმუშევრობის დონე 5%-დან 16%-მდე გაიზარდა;


2011 წლისთვის უძრავი ქონების ფასები მის მაქსიმალურ მნიშვნელობასთან შედარებით 50%-ზე მეტით შემცირდა, რამაც ირლანდიაში სამშენებლო კომპანიებისა და შინამეურნეობების მნიშვნელოვანი ნაწილის გაკოტრება გამოიწვია. 2012 წლისთვის უმოქმედო სესხების ჯამურმა მოცულობამ საბანკო სისტემაში 85 მილიარდი ევრო შეადგინა;


მიუხედავად იმისა, რომ გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა სიტუაცია გაამწვავა, ირლანდიის კრიზისი დიდწილად ადგილობრივად დაგროვებული პრობლემების შედეგი იყო;


ბანკების უპასუხისმგებლო დაკრედიტება გადასახადის გადამხდელებს 64 მილიარდი ევრო დაუჯდათ, ანუ დაახლოებით 16 ათასი ევრო ერთ სულ მოსახლეზე.


ირლანდიის გამოცდილება ცხადყოფს, რომ არაჯანსაღი დაკრედიტება ფინანსურ სისტემაში რისკების დაგროვებას იწვევს, რაც ზრდის მის მოწყვლადობას შოკების მიმართ. ამას უმძიმესი შედეგი შეიძლება მოჰყვეს როგორც მოსახლეობის დიდი ნაწილის, ისე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისათვის. აღნიშნული რისკის შემცირება შესაძლებელია პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრაქტიკის დამკვიდრებით.


წყარო: What caused the Irish banking crisis?




 

 

კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით