საცალო დაკრედიტების რეგულირების საერთაშორისო გამოცდილება

ბრაზილიის მაგალითი


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის 1 იანვარს ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის წესი დაამტკიცა. საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული, ჯანსაღი დაკრედიტების წახალისებაზე ორიენტირებული პრაქტიკა მხოლოდ ისეთი სესხების შეზღუდვას ითვალისწინებს, რომლებიც თავიდანვე გაკოტრებისთვის იყო განწირული.

 

საცალო დაკრედიტების რეგულირების საერთაშორისო გამოცდილება


სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე დაყრდნობით, განვიხილოთ  ჭარბვალიანობის პრობლემა და მისი გავლენა ფინანსურ სტაბილურობასა და ზოგადად, ეკონომიკაზე. ამჯერად, გავიხსენოთ 2015-2016 წლების ფინანსური კრიზისი ბრაზილიაში:


კრიზისამდე, 2005-2014 წლებში, შინამეურნეობების დაკრედიტების ტემპი მნიშვნელოვნად აღემატებოდა მათი  შემოსავლების ზრდას. შედეგად, სესხების განკარგვად შემოსავალთან ფარდობა დაახლოებით 2.5-ჯერ გაიზარდა და 45%-ს გადააჭარბა;


მაღალპროცენტიანმა და მოკლევადიანმა სესხებმა განსაკუთრებით სწრაფად გაზარდა დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის ვალის ტვირთი;


დაკრედიტების ზრდა შერბილებულმა საკრედიტო პირობებმა და სესხის გაცემის დროს მსესხებლის გადახდისუნარიანობის არასაკმარისად შეფასებამ განაპირობა;


2013 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით ხშირ შემთხვევაში მსგავს სწრაფ ზრდას კრიზისი მოსდევს ხოლმე;


მართლაც, გადახდისუნარიანობის ანალიზის გარეშე გაცემულმა არაჯანსაღმა სესხებმა მოკლევადიან პერიოდში ეკონომიკის ზრდას შეუწყო ხელი, თუმცა მისი საბოლოო შედეგი კრიზისი იყო;


სავაჭრო პირობების გაუარესებამ გაამძაფრა შინამეურნეობების ჭარბვალიანობის პრობლემა. საბოლოოდ, გაზრდილი ვალის ტვირთის შედეგად, შინამეურნეობებმა შეამცირეს მოხმარება, რასაც ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ღრმა რეცესია მოჰყვა. ბრაზილიის ეკონომიკა 2015-2016 წლებში ჯამურად 7%-ით შემცირდა, გაიზარდა უმუშევრობა და სიღარიბე;


2015 წელს 55 მლნ. ბრაზილიელს  სესხზე ვადაგადაცილება უფიქსირდებოდა, რაც ზრდასრული მოსახლეობის 37%-ს შეადგენდა.


ბრაზილიის გამოცდილება ადასტურებს, რომ არაჯანსაღი დაკრედიტების შედეგად, რამდენიმე წელიწადში უმძიმესი შედეგი დგება მოსახლეობის დიდი ნაწილისა და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისათვის. აღნიშნული რისკის შემცირება შესაძლებელია პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრაქტიკის დამკვიდრებით.

წყარო:
NBER WORKING PAPER SERIES 

კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით