მონეტიზაციის დონე და მისი ეკონომიკური არსი

ბოლო დროს პრესაში და სოციალურ ქსელებში ხშირად გაისმის მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქართველოში ეკონომიკის მონეტიზაცია (მონეტარიზაცია) დაბალია და რომ ეს წარმოადგენს გარკვეულ შემაფერხებელ გარემოებას სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიღწევაში. არგუმენტად ოპონენტებს მოჰყავთ მაღალი კორელაცია (თანაფარდობა) მონეტიზაციასა და ეკონომიკური განვითარების დონეს (მშპ ერთ სულ მოსახლეზე) შორის, თითქოსდა უარყოფითი კორელაცია მონეტიზაციის დონესა და ინფლაციას შორის და ა.შ. 

 

ამასთან დაკავშირებით აუცილებელია გაკეთდეს რამდენიმე განმარტება.

 

პირველ რიგში, ეკონომიკის მონეტიზაცია (რომელიც, როგორც წესი, იზომება როგორც M2/GDP), არ წარმოადგენს რამდენადმე მნიშვნელოვან ეკონომიკურ ცვლადს, რადგან კონცეპტუალურად არაკორექტულია მარაგის (stock), რასაც ფულის მასა წარმოადგენს, ნაკადთან (flow) შეფარდება. ამასთან, მათემატიკურად მონეტიზაცია არის ფულის მიმოქცევის სიჩქარის შებრუნებული სიდიდე, რომელიც ხელოვნური მაჩვენებელია, და ძირითადად ცნობილია, როგორც ფულის რაოდენობრივი თეორიის ერთ-ერთი პარამეტრი. საინტერესოა, რომ აშშ-ში, მაგალითად ფულის მიმოქცევის სიჩქარე დადებით კორელაციაშია დასაქმების მაჩვენებელთან (გრაფიკი 1), რაც თავისთავად ნიშნავს, რომ მონეტიზაცია უარყოფითად იქნება კორელირებული ამავე მაჩვენებელთან (და, შესაბამისად, ეკონომიკურ ზრდასთან).

 

გრაფიკი 1. M2 ფულის მიმოქცევის სიჩქარე აშშ-ში (Wikipedia)

მსოფლიო ბანკის მონაცემები რომ გამოვიყენოთ (http://data.worldbank.org/indicator/FM.LBL.MQMY.GD.ZS/countries?page=2&display=default), შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ მაღალი მონეტიზაცია განაპირობებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას. მართლაც, კორელაცია ამ ორ მაჩვენებელს შორის შეიძლება მაღალი იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია კორელაციაში მონეტიზაციასა და ეკონომიკურ განვითარებას შორის სწორი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დავინახოთ. კერძოდ, რაც უფრო მაღალია ეკონომიკური განვითარება ქვეყანაში (მშპ ერთ სულ მოსახლეზე), მით მაღალია ეკონომიკის მონეტიზაცია, და არა პირიქით. არსებული მონაცემებით, მონეტიზაცია იმ ქვეყნებშია მაღალი, სადაც მაღალია მშპ ერთ სულ მოსახლეზე, მაგრამ იმის თქმა, რომ მაღალი მონეტიზაცია იწვევს მაღალ შემოსავალს შეუძლებელია და არასწორი.

 

ამდენად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება არ არის ცალსახად დამოკიდებული მონეტიზაციის დონეზე. მსოფლიო ბანკის მონაცემები ცხადყოფს, რომ მიუხედავად მონეტიზაციის მნიშვნელოვნად მაღალი კოეფიციენტებისა, ზოგიერთ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპები ფიქსირდება. ეს ქვეყნები ძირითადად ფინანსურ ცენტრებს წარმოადგენენ, სადაც მაღალია ფულის ბრუნვა. მონეტიზაციის ექსტრემალურად მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება ლუქსემბურგში (465%), ჰონკონგში (335%), იაპონიაში (241%), შვეიცარიაში (187%), სინგაპურში (138%) და ა.შ. საპირისპიროდ, ეკონომიკის განვითარების იმ ეტაპზე მყოფი ქვეყნებისათვის, როგორიცაა საქართველო, მონეტიზაციის კოეფიციენტი 50%-ზე დაბალია, თუმცა ეკონომიკის ზრდა მაღალი ტემპებით ხასიათდება (იხ. გრაფიკი 2).

 

გრაფიკი 2. მონეტიზაცია და ეკონომიკური ზრდა


 

დღეისათვის საქართველოში M2 ფულადი აგრეგატის თანაფარდობა მშპ-სთან 16%-ს, ხოლო M3-ის - 30%-ს უტოლდება. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში მაღალია დოლარიზაცია, მიზანშეწონილია ეკონომიკის მონეტიზაციის დონის შესაფასებლად და სხვა ქვეყნებთან შედარებისათვის, მშპ-სთან M3 ფულადი აგრეგატის თანაფარდობის ანალიზი მოვახდინოთ. მსოფლიო ბანკის სტატისტიკის მიხედვით მონეტიზაციის საშუალო მაჩვენებელი, 2012 წელს 75%-ს შეადგენდა (მონაცემთა ბაზა მოიცავს 148 ქვეყანას). როგორც აღინიშნა, არის ქვეყნები, რომელთაც მონეტიზაციის ძალიან მაღალი დონე ახასიათებთ, რაც შესაბამისად არითმეტიკულ საშუალოს მაღლა სწევს. მსოფლიო მასშტაბით მონეტიზაციის საშულო გეომეტრიული კოეფიციენტი 2012 წელს 58%-ს უტოლდება.

 

ასევე გასათვალისწინებელია, რომ მონეტიზაციის მაჩვენებელზე სხვა ფაქტორებთან ერთად ეკონომიკის ნაღდ ფულზე დამოკიდებულება ახდენს გავლენას და განსხვავდება სხვადასხვა ქვეყნებში, ბიზნეს პრაქტიკის, საბანკო სისტემისა და ელექტრონული ანგარიშსწორების განვითარების მიხედვით. მაგალითად რეგიონის ბევრი ქვეყნისაგან განსხვავებით, საქართველოში ბანკის ერთი კლიენტის მიერ, მეორე ბანკის სხვა კლიენტთან ანგარიშსწორება ლარით რამდენიმე წუთში არის შესაძლებელი, რაც თავისთავად ამცირებს ტრანზაქციული საჭიროებისათვის ფულის საჭიროებას (რომელიც ეკონომიკისათვის დამატებითი ხარჯია) და შესაბამისად ნაკლებია მონეტიზაცია.

 

ეკონომიკის განვითარების იმ ეტაპზე მყოფი ქვეყნებისათვის, როგორიცაა საქართველო, მონეტიზაციის კოეფიციენტი 60%-ზე დაბალია. ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, სომხეთსა და აზერბაიჯანში მონეტიზაციის კოეფიციენტები, შესაბამისად მხოლოდ 3.6 და 1.5 პ.პ. მეტია, ვიდრე საქართველოში (იხ. გრაფიკი 3).

 

გრაფიკი 3. მონეტიზაციის დონე ქვეყნების მიხედვით

 

 

რაც შეეხება მონეტიზაციის სწრაფი ზრდის საჭიროებას, საბაზო ეკონომიკური თეორიიდან ცნობილია, რომ ფულის მასის სწრაფი ზრდა ინფლაციას იწვევს (ხოლო მონეტიზაციის ზრდა ნიშნავს, რომ ფულის მასა მშპ-ზე სწრაფად უნდა იზრდებოდეს). ცხადია, რომ „ვიწრო“ ფულადი აგრეგატების ზრდა მულტიპლიკატორის ეფექტის ზრდით, იწვევს ფართო ფულის ზრდა და თუ ამავე დროს ვიწრო ფული არ არის შთანთქმული სასაქონლო ბაზრის შესაბამისი ზრდით, ხოლო ფინანსური ბაზრები განუვითარებელია და ვერ ახდენს გაზრდილი მონეტიზაციის შესაბამის აბსორბირებას, შედეგად მხოლოდ ინფლაციის შესაბამის ზრდას მივიღებთ.

 

ამდენად, მონეტიზაციის ზრდით, ეკონომიკის ზრდის მიღწევა სრულიად არასწორია. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც ერთ-ერთი პარამეტრი, სხვა პარამეტრებთან და ინდიკატორებთან ერთად, ეკონომიკის დინამიკის შესაფასებლად, მაგრამ რაიმე მნიშვნელოვანი და შორს მიმავალი დასკვნების გაკეთება მხოლოდ ამ მაჩვენებელზე დაყრდნობით და თუნდაც ამ მოკლე ბლოგ-პოსტში მოყვანილი მოსაზრებების გაუთვალისწინებლად, ცალსახად არასწორია.

 


კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით