FOREX კომპანიები და მათ საქმიანობასთან დაკავშირებული რისკები

 

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქართულ ფინანსურ ბაზარზე გაიზარდა ე.წ. ფორექს კომპანიების რაოდენობა. აღნიშნული კომპანიები კლიენტებს ელექტრონული პლატფორმის საშუალებით, მაღალი რისკის შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით, კერძოდ ფასთა შორის სხვაობაზე კონტრაქტებითა (CFD – Contract for Differences) და ბინარული ოფციონებით ვაჭრობას სთავაზობენ. 2018 წლის 11 აპრილიდან ე.წ. ფორექს პლატფორმაზე საშუამავლო საქმიანობა საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ მოექცა და მისი განხორციელების უფლება მხოლოდ ლიცენზირებულ საბროკერო კომპანიებს მიეცათ.

ზემოაღნიშულ პროდუქტებსა და პლატფორმებთან დაკავშირებით, გთავაზობთ მსგავსი ტიპის კომპანიების ბიზნეს მოდელებისა და მათი ვაჭრობის ინსტრუმენტების მოკლე მიმოხილვასა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების  მიერ მომზადებულ კვლევებს.




ფორექს კომპანიები კლიენტებს ვაჭრობას ორი ტიპის ფინანსური ინსტრუმენტით - ფასთა შორის სხვაობაზე კონტრაქტებითა (CFD) და ბინარული ოფციონებით (Binary Options) სთავაზობენ.

აღნიშნული ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობის ორი ტიპის ბიზნეს მოდელი არსებობს:

1. B-Book (იგივე market-making ან desk-dealing) - კომპანია თავად წარმოადგენს გარიგების კონტრაგენტს და იკავებს კლიენტის მიერ გახსნილი პოზიციის საწინააღმდეგო მხარეს. კერძოდ, კლიენტის წაგება არის კომპანიის მოგება და პირიქით. ამავდროულად, კომპანია იღებს პოზიციის საბაზრო რისკებს და კლიენტის მოგების შემთხვევაში მისთვის თანხის ანაზღაურება უწევს. ქართულ ბაზარზე გარიგებების უმრავლესობა სწორედ ამ გზით იდება.

2. A-Book - კომპანია შემოსავალს მხოლოდ საკომისიოს სახით  იღებს და მოქმედებს როგორც შუამავალი კლიენტსა და უცხოურ საფინანსო ინსტიტუტს შორის. საქართველოში მოქმედი კომპანიები ამ მოდელს საბაზრო რისკის აცილების მიზნით იყენებენ. მაგალითად, თუ გათვითცნობიერებული ინვესტორი წარმოადგენს გარიგების მხარეს, კომპანია კონტრაქტორი უცხოური საფინანსო ინსტიტუტის ანგარიშით ხსნის კლიენტის გახსნილი პოზიციების ანალოგიურ პოზიციებს, რითაც თავიდან ირიდებს წაგების რისკს.

 





კონტრაქტი ფასთა შორის სხვაობაზე (შემდგომში CFD) არის კომპლექსური, მაღალი რისკის შემცველი, წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტი (დერივატივი), რომელიც მყიდველს/გამყიდველს შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს ფინანსური სარგებელი საბაზისო აქტივის ფლობის გარეშე, ან ნახოს ზარალი საბაზისო აქტივში პოზიციის გახსნისა და დახურვის ფასების სხვაობის საფუძველზე.

საბაზისო აქტივი შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის ფინანსური ინსტრუმენტი ან სხვა სახის აქტივი: საერთაშორისო სავალუტო წყვილები, საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე განთავსებული წილობრივი ფასიანი ქაღალდები და ინდექსები, სასაქონლო პროდუქტები და კრიპტოვალუტები.

CFD პროდუქტებით ვაჭრობა ხდება ლევერიჯის (leverage) გამოყენებით, რაც ინვესტორს საშუალებას აძლევს გახსნას პოზიცია ფინანსურ ინსტრუმენტში (და/ან ივაჭროს) და ამისათვის სავაჭრო ანგარიშზე შეიტანოს ამ პოზიციის გარკვეული პროცენტული წილი და არა სრული ოდენობა. მაგალითად, კონტრაქტის - პირობითად, 50 დოლარის ოდენობის პოზიციის გახსნისთვის, კლიენტმა ანგარიშზე უნდა განათავსოს თანხის 2 პროცენტი, რაც შეადგენს 1 დოლარს. ტექნიკურად, კომპანია კლიენტს შესთავაზებს ლევერიჯს, შეფარდებით 1:50-თან. ლევერიჯი შინაარსობრივად იგივეა, რაც ზემოხსენებული პროცენტული წილი - 2 პროცენტი. ასეთ შემთხვევაში ინვესტორს შეუძლია პოზიციის გახსნა  ანგარიშზე 1 დოლარის შენატანით და ვაჭრობა 50 დოლარის ოდენობის CFD-ით.

აღსანიშნავია, რომ ლევერიჯით ვაჭრობის დროს საკომისიოები (მაგ.: სპრედები ყიდვა-გაყიდვაზე) მთლიანი პოზიციიდან (50 დოლარიდან) გამოითვლება, და არა კლიენტის მიერ განთავსებული საწყისი მარჟიდან. ლევერიჯის გამოყენებით ვაჭრობა არასათანადო ცოდნისა და გამოცდილების მქონე ინვესტორებისთვის უფრო მეტად ზრდის თანხის წაგების შესაძლებლობას, ვიდრე მოგების ალბათობას.

თუ კლიენტს აქვს ლევერიჯი 1:100-თან და სურს შეიძინოს 10,000 აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტები/საბაზისო აქტივი, მას სჭირდება  მხოლოდ 100 დოლარი იმისთვის, რომ გახსნას შესაბამისი პოზიცია. თუ ფასი მცირდება ნახევარი პროცენტით და აქტივის ღირებულება 9,950 დოლარს შეადგენს, კლიენტი კარგავს საწყისსა და საბოლოო პოზიციების ღირებულებათა შორის სხვაობას (10,000-9,950=50). მაშასადამე, კლიენტის პოზიციის საწინააღმდეგოდ კონტრაქტის საბაზისო აქტივის ფასის ნახევარი პროცენტით ცვლილება გამოიწვევს კლიენტის 50 დოლარით დაზარალებას (10, 000 *0.5% =50).      

ანალოგიურად, ფასის ერთი პროცენტით ცვლილების შემთხვევაში, ინვესტორი კარგავს სრულ შეტანილ თანხას, ხოლო ფასის 2 პროცენტით ცვლილებისას, ინვესტორს კომპანიის მიმართ 100 აშშ დოლარი მართებს.

CFD არის არასაბირჟო, არასტანდარტიზებული წარმოებული ინსტრუმენტი (დერივატივი), რომელიც არც ერთ რეგულირებად საფონდო ბირჟაზე არ ივაჭრება და მაღალი რისკის მქონე პროდუქტია. აქედან გამომდინარე, CFD-ით ვაჭრობა საჭიროებს სპეციფიკურ ცოდნასა და გამოცდილებას და არ არის განკუთვნილი ყველა კატეგორიის ინვესტორისთვის.

ევროკავშირის ქვეყნების მიერ ჩატარებული მრავალი კვლევიდან, აღსანიშნავია ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების მარეგულირებელი ორგანოს European Securities and Market Authority (ESMA) კვლევა, რომლის თანახმადაც, ევროპის მასშტაბით CFD-ის ინვესტორთა 74-89% პროცენტი, მთლიანად კარგავს დაბანდებულ თანხას. ამავე კვლევის თანახმად, ერთი კლიენტის წაგება საშუალოდ 1,600 ევროდან 29,000 ევრომდე მერყეობს. ქვეყნების მიხედვით შემდეგი მონაცემებია:

 




 




კლიენტი ბინარული ოფციონის საშუალებით ფსონს დებს საბაზისო აქტივის ფასის მოძრაობის მიმართულებაზე. ბინარული ოფციონი გასხვავდება ჩვეულებრივი ოფციონისგან; კერძოდ, იგი მფლობელს არ ანიჭებს უფლებას  გაყიდოს ან შეიძინოს ესა თუ ის აქტივი. კლიენტი უბრალოდ დებს ფსონს ფასის მიმართულებაზე, რომელსაც შესაბამისი დასახელებები - call და put განსაზღვრავს.

მაგალითად, call ბინარული ოფციონის შემთხევაში, კლიენტი ვარაუდობს აქტივის ფასის ზრდას, ხოლო put ბინარული ოფციონის შემთხვევაში, აქტივის ფასის კლებას. აქტივის ფასის ცვლილებისას კლიენტი მიიღებს ფიქსირებულ მოგებას კონტრაქტის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ფასთან მიმართებაში, ხოლო თუ ფასი განსაზღვრულ ნიშნულს ვერ მიაღწევს, კლიენტი კონტრაქტში ჩადებულ თანხას მთლიანად დაკარგავს.

ბინარული ოფციონი უფრო აზარტულ და გასართობ საშუალებად განიხილება ვიდრე საინვესტიციო პროდუქტად. მას ფინანსურ "სანაძლეოს" უწოდებენ, რომელსაც კონტრაქტით გათვალისწინებული ძალიან მცირე ხანგრძლივობა აქვს.

მოგების წინასწარ გამოსათვლელად, კომპანიები იყენებენ ალბათობის თეორიაზე დაფუძნებულ კომპლექსურ მეთოდებსა და მოდელებს. შესაბამისად, მათ კლიენტებთან შედარებით უპირატესობა აქვთ, რადგან კონტრაქტის შესახებ დამატებით ინფორმაციას ფლობენ.

ამგვარად, კლიენტისთვის რთულია დადოს მომგებიანი ფსონი, და/ან სწორად განსაზღვროს ოფციონის ღირებულება, რაც ბინარულ ოფციონში ინვესტორის  წაგების ალბათობას მნიშვნელოვნად ზრდის.





CFD-ებითა და ბინარული ოფციონებით მოვაჭრე კომპანიები კლიენტების მოსაზიდად/შესანარჩუნებლად და დიდი მოცულობის ტრანზაქციების განხორციელების წასახალისებლად აქტიურად იყენებენ აგრესიული მარკეტინგს, რომელიც მოიცავს სხვადასხვა მატერიალურ (ე.წ. ბონუსები) და არამატერიალურ (უფასო სწავლება) წახალისებებს,.

მაგალითად, ევროკავშირის გამოცდილებით, ასეთი კომპანიები პირად ნომერზე უკავშირდებიან პოტენციურ კლიენტებს  და უფასოდ სთავაზობენ ვაჭრობის სწავლებას საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე. სწავლების მიმდინარეობისას, ისინი ხაზს უსვამენ მცირე ინვესტიციით დიდი თანხების მოგების ალბათობას. თუმცა, კლიენტებს სათანადოდ არ უხსნიან ამ ტიპის ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობასთან დაკავშირებულ რეალურ რისკებს, რის გამოც, ინვესტორები საკმაოდ ხშირად ზარალდებიან. არსებობს წახალისების სხვა მაგალითებიც, როდესაც კომპანიები კლიენტებს, გარკვეული ოდენობის ინვესტიციების სანაცვლოდ, სხვადასხვა სახის ბონუსურ სისტემას სთავაზობენ.




საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციის მიხედვით, 2018 წლის 11 აპრილიდან  ფორექს საქმიანობით შეიძლება დაკავდნენ მხოლოდ ლიცენზირებული საბროკერო კომპანიები. ასევე, ადგილობრივ ბაზარზე არსებული გამოწვევებისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, 2018 წლის 14 ივნისიდან ძალაში შევიდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული წესი "მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობაში ჩართული საბროკერო კომპანიების დამატებითი რეგულირების შესახებ".

ფორექს საქმიანობის დამატებითი რეგულაციის მიზანია ერთი მხრივ, ინვესტორების ინტერესების დაცვა, და მეორე მხრივ, ფორექს კომპანიების ფინანსური, საოპერაციო და რეპუტაციული რისკების შემცირება.

საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციის მიხედვით, საბროკერო კომპანიებს დაეკისრათ საოპერაციო და ბიზნეს პროცესების თანმიმდევრული შესრულების ვალდებულება. კომპანიებს, ამავე დროს, დაუწესდათ სხვადასხვა სახის შეზღუდვები, მათ შორის:

1. აიკრძალა საცალო კლიენტებისთვის ბინარული ოფციონების შეთავაზება და მიყიდვა;
2. დაწესდა საბაზისო აქტივების რისკიანობის კატეგორიების შესაბამისად საკრედიტო მხარის ლიმიტები, სადაც მაქსიმალური საკრედიტო მხარე 1:50-ს შეადგენს;
3. კლიენტთან ურთიერთობისას და პროდუქტის რეკლამირებისას სავალდებულო გახდა პროდუქტებთან დაკავშირებული რისკების გამჟღავნება, დაწესდა ხელშეკრულების პირობების მინიმალური სტანდარტი;
4. აიკრძალა პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით ფულადი ან არაფულადი წახალისებების (ბონუსი და მსგავსი შინაარსის პროდუქტები) შეთავაზება;
5. კომპანიებს განესაზღვრათ დამატებითი მოთხოვნები ლიკვიდურობის თვალსაზრისით და დაუწესდათ შესაბამისი ლიმიტები;


რეგულირებასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=704
ლიცენზირებული საბროკერო კომპანიების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=487

_________________________________

1 https://www.fca.org.uk/publication/consultation/cp16-40.pdf

2 www.amf-france.org/technique/multimedia%3FdocId%3Dworkspace%253A%252F%252FSpace sStore%252F9bf2caa8-1ce4-4832-85f4-4dffcace8644%26

3 https://www.centralbank.ie/docs/default-source/publications/Consultation-Papers/cp107/consultation-paper-107.pdf?sfvrsn=4

 

კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით