ფასიანი ქაღალდების ბაზრის მიმოხილვა

საქართველოს ეროვნული ბანკისა და მთავრობის მიერ განხორციელებულმა წამახალისებელმა პოლიტიკამ, სამთავრობო სავალო ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებამ  და ბიზნესის მხრიდან ალტერნატიული დაფინანსების ძიებამ, ხელი შეუწყო სავალო ფასიანი ქაღალდების განვითარებას. 



კაპიტალის ბაზარი, საბანკო სისტემის პარალელურად, ფინანსური რესურსების მოზიდვის ალტერნატიულ საშუალებად განიხილება. განვითარებული კაპიტალის ბაზარი ბიზნეს სამყაროსთვის კონკურენტულ გარემოს ქმნის, ხელს უწყობს დანაზოგების უფრო ეფექტიან გადანაწილებას და კომპანიებისთვის ფინანსური რესურსების მოზიდვის ალტერნატიულ წყაროს წარმოადგენს.

საქართველოს ეროვნული ბანკი პერიოდულად მოგაწვდით მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომლის მეშვეობითაც დეტალურად შეიტყობთ სიახლეებს კაპიტალის ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზარი განვითარების საწყის ეტაპზეა. ადგილობრივი აქციების ბაზარი არააქტიურია, თუმცა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გააქტიურდა სავალო ფასიანი ქაღალდების ბაზარი, რომლის მოცულობაც 2014 წლის 31 დეკემბრიდან 2018 წლის 30 ივნისთან შედარებით 56 მილიონი ლარიდან 414 მილიონ ლარამდე გაიზარდა (გრაფიკი 1).




გაიზარდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ლარით დენომინირებული სავალო ფასიანი ქაღალდების გამოშვებაც და 2018 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 717 მილიონ ლარს გაუტოლდა.

მიუხედავად ამისა, საქართველოს კაპიტალის ბაზრის წილი ფინანსური სექტორის აქტივების დაახლოებით 10%-ს შეადგენს . აღსანიშნავია, რომ ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებასა და მის მასშტაბზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს, თუმცა ეკონომიკისა და ქვეყნის ზომა (როგორც ემიტენტების, ასევე ინვესტორების კუთხით) განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორებია.  საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის პერსპექტივის განსაზღვრისას, საინტერესოა შევხედოთ აღმოსავლეთ ევროპის მცირე ზომის განვითარებადი ქვეყნების მაგალითებს, რომელთა მიხედვით, ფინანსური სექტორის უდიდეს წილს საბანკო ინდუსტრია იკავებს, ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზომა კი მასზე მნიშვნელოვნად ნაკლებია (გრაფიკი 2,3):







აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში ობლიგაციებზე მოთხოვნის ზრდას ხელს უწყობს საქართველოს ბიზნეს გარემოს სხვადასხვა მახასიათებლები. საქართველოს მსგავს განვითარებად ქვეყნებში კერძო კომპანიების მფლობელთათვის უფრო საინტერესოა ფინანსური რესურსის მოძიება სავალო ინსტრუმენტების მეშვეობით, ვიდრე აქციების გამოშვება და, შესაბამისად, კონტროლის/მმართველობის დათმობა. აქედან გამომდინარე, ამ ბაზრის განვითარება შესაძლოა განხილული იქნას როგორც შუალედური რგოლი ტრადიციულ დაკრედიტებასა და კაპიტალის ბაზრის სხვა  ინსტრუმენტების გამოყენებას შორის.

საქართველოს ეროვნული ბანკის და მთავრობის როლი ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაში კაპიტალური ბაზრის შემდგომი განვითარებისთვის, ეკონომიკის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია შეიქმნას შესაბამისი ხელშემწყობი გარემო, რაც გრძელვადიანი სტრატეგიის თანმიმდევრულ შესრულებასა და პროაქტიულ ქმედებებს მოითხოვს.

შესაბამისი ხელშემწყობი გარემო, თავის მხრივ, გულისხმობს სტაბილურ მაკროეკონომიკურ გარემოს, ფინანსური სექტორის მდგრად, გამჭვირვალე და ეფექტურ  ფუნქციონირებას, გამართულ საკანონმდებლო და საზედამხედველო ჩარჩოს, რომელიც უზრუნველყოფს ინვესტორების უფლებების დაცულობასა და ბაზრის სანდოობას, სხვადასხვა მასტიმულირებელი (საგადასახადო) პოლიტიკის არსებობას, განვითარებულ სამთავრობო ობლიგაციების ბაზარს, ქართული კაპიტალის ბაზრის საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრას და შესაბამისობას, ფინანსური ინსტრუმენტების მრავალფეროვნების არსებობას, ფინანსური განათლების დონის ამაღლებასა და ასე შემდეგ.






2017 - 2018 წლებში, კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ, შემუშავებული სტრატეგიის ფარგლებში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს:
 

გამართული საკანონმდებლო და საზედამხედველო ჩარჩო ბაზრის განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. ამ მიმართულებით, 2017 წლიდან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება:




ეროვნული ბანკის ინიციატივით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად, დაიწყო მუშაობა საქართველოში დერივატივების ბაზრის განვითარების პროექტზე. პროექტის მიზანია, შეიქმნას დერივატივების ბაზრის განვითარების ხელშემწყობი სამართლებრივი და ბიზნეს გარემო, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებსა და გამოცდილებას შეესაბამება. კანონი დაარეგულირებს ოპერაციებს წარმოებული ინსტრუმენტებით, განსაზღვრავს დერივატივის მხარეებს შორის ნეტინგის შესაძლებლობასა და ფინანსური გირავნობის გამოყენების საკითხებს. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს განსახილველად ოქტომბერში წარედგინება.


 

განვითარებული კაპიტალის ბაზრის საკანონმდებლო ჩარჩოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს საინვესტიციო ფონდები, რომლებიც ერთი მხრივ, საცალო და ინსტიტუციური ინვესტორების ინტერესების შესაბამისად ანაწილებენ მათ რესურსებს, ხოლო მეორე მხრივ, ხელს უწყობენ ბაზარზე არსებული ფინანსური პროდუქტების განვითარებას. საქართველოს ეროვნული ბანკი, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, მუშაობს ახალ, ევრო დირექტივების შესაბამის და არსებული ბიზნეს გარემოსთვის მორგებული სამართლებრივი ჩარჩოს შემუშავებაზე.



 

საერთაშორისო გამოცდილებით, ქვეყნის ეკონომიკის ზომა კაპიტალის ბაზრის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან, ქვეყნის ზომისა და სხვა ეკონომიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე, საქართველოს კონკურენტუნარიანობისთვის მნიშვნელოვანია ინვესტორთათვის სანდო და გამჭვირვალე კაპიტალის ბაზრის უზრუნველყოფა. ასევე, ფასიანი ქაღალდების ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი პირობაა გამართული საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა. 

აღნიშნულის მისაღწევად, 2018 წელს გაფორმდა 3-წლიანი ხელშეკრულება საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ბელგიის ფასიანი ქაღალდების საზედამხედველო ორგანოს (FSMA) შორის. პროექტი დაყოფილია სამ ფაზად, და გეგმის მიხედვით I-II ფაზები 2018 წლის ოქტომბერში დასრულდება. პროექტის მიზანია, მომზადდეს დეტალური სამოქმედო გეგმა, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საზედამხედველო ჩარჩოს და შეუსაბამებს მას ევროკავშირის სტანდარტებსა და IOSCO-ს (ფასიანი ქაღალდების კომისიათა საერთაშორისო ორგანიზაცია) პრინციპებს.

აღნიშნული ჩარჩო შემდეგ ძირითად მიმართულებებს ითვალისწინებს:

შუამავლები (ბროკერები, ბაზრის ინფრასტრუქტურა) - 2018 წელს შემუშავდა საბროკერო საქმიანობის მარეგულირებელი ორი ახალი წესი. აღნიშნული რეგულაციების მიზანია სექტორში არსებული საშუამავლო მომსახურების სტანდარტის ამაღლება,  არსებული და პოტენციური ინვესტორების ინტერესების დაცვა და მათთვის გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება. ამასთან, სტრატეგიის ფარგლებში, დაგეგმილია არსებული საზედამხედველო ჩარჩოს გადახედვა და მისი ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება.

ფასიანი ქაღალდების ემიტენტები - ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ფასიანი ქაღალდების ემიტენტების გამჭვირვალობის ამაღლება და გამართული კორპორატიული მართვის სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობა.

აღნიშნული მიმართულებით მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა განახლებულ პროსპექტის წესზე, რომლის მთავარი ფუნქციაა ინვესტორებისთვის სრული, ხარისხიანი და უტყუარი ინფორმაციის გამჟღავნება ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ. გარდა ამისა, კორპორატიული მართვის პრინციპების შემუშავება საქართველოს ეროვნული ბანკის ერთერთი პრიორიტეტია. აღსანიშნავია, რომ განვითარებული ქვეყნების გამოცდილებით, კორპორატიული მართვის მაღალი სტანდარტები დადებითად აისახება როგორც კომპანიების ფინანსურ რესურსების წვდომაზე, ასევე მათ  ფინანსურ მაჩვენებლებსა და მომგებიანობაზე. ამ მიმართულებით, მსოფლიო ბანკის და IFC-ის მხარდაჭერით შეიქმნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანი კორპორატიული მართვის ჩარჩოს შემუშავებაა.


 

2017 წელს ძალაში შევიდა საგადასახადო კოდექსის იმ ცვლილებების ნაწილი, რომელიც სასესხო და სააქციო ფინანსური ინსტრუმენტების დაბეგვრასთან დაკავშირებით საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს. ცვლილებების პირველი პაკეტის შესაბამისად, ფასიანი ქაღალდების ვაჭრობის შემდეგ მიღებული შემოსავალი (capital gain) არ იბეგრება, რაც განაპირობებს მეორადი ბაზრის აქტიურობის წახალისებას. ასევე, არ დაიბეგრება 2023 წლამდე გამოშვებული კორპორატიული ობლიგაციების კუპონები, აქციებზე გადახდილი დივიდენდების დაკავება კი გადახდის წყაროსთან მოხდება.


 

სანდო, სწრაფი და ეფექტიანი ტექნიკური ინფრასტრუქტურა ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების ძირეული კომპონენტია. 2017 წლიდან ეროვნული ბანკი, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალურ დეპოზიტართან ერთად, ანგარიშსწორების ინტეგრირებული სისტემის (GPSS) განახლებაზე მუშაობს. ახალი სისტემა უზრუნველყოფს ავტომატიზებულ, სწრაფ და დაცულ ანგარიშსწორებას, რომელიც განხორციელდება “მიწოდება გადახდის სანაცვლოდ” (Delivery vs. Payment) მეთოდით და მოიცავს ლარში დენომინირებული ყველა ტიპის ფასიან ქაღალდს (კერძო კომპანიების მიერ გამოშვებული ობლიგაციების და აქციების ჩათვლით). ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობისა და ანგარიშსწორების სრული ციკლის ავტომატიზაცია შესაძლებელია განახლებული GPSS-ის ინტეგრირებით საფონდო ბირჟისა და Bloomberg-ის სავაჭრო სისტემებთან. სისტემის მეშვეობით განხორციელდება პროცენტის, დივიდენდის, ფასიანი ქაღალდის ძირითადი თანხის გადახდის ოპერაციები და მათი ეროვნულ ბანკში ან ბაზრის  მონაწილეებს შორის დაგირავება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს საფონდო ბირჟის სავაჭრო ინფრასტრუქტურის განახლების კუთხით, რომლის მიზანიც საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი პლატფორმის შექმნაა.

 


კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზრდა დიდწილად განპირობებულია საქართველოს ეროვნული ბანკისა და მთავრობის მასტიმულირებელი პოლიტიკით.

საქართველოს ეროვნული ბანკი, მისი მანდატის ფარგლებში, აქტიურად უწყობს ხელს სავალო ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას. კერძოდ: საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 2014 წელს კომერციულ ბანკებს  რეფინანსირების სესხების უზრუნველსაყოფად ლარით დენომინირებული კორპორატიული სავალო ობლიგაციების გამოყენების უფლება მიეცათ. შედეგად, აღნიშნულ პროდუქტზე მოთხოვნა კომერციული ბანკების მხრიდან საგრძნობლად გაიზარდა. 2014 წელსვე, დე-დოლარიზაციის სტრატეგიის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკმა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს ლარით დენომინირებული სავალო ობლიგაციების გამოშვების უფლება მისცა. 2016 წლის დეკემბრიდან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აამოქმედა მონეტარული პოლიტიკის ახალი – ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი. აღნიშნული ინსტრუმენტის მეშვეობით განისაზღვრება ადგილობრივი ვალუტის სარგებლიანობის მრუდი, რომელიც, თავის მხრივ, ზეგავლენას ახდენს კორპორატიული სავალო ობლიგაციების ფასწარმოქმნაზე. აღნიშნული მიდგომების შედეგად, ბაზარზე სავალო ობლიგაციების მოცულობა საგრძნობლად გაიზარდა და ზრდა კვლავ გრძელდება.

ფულადი ბაზრის ინსტრუმენტების გარდა, კორპორატიული ობლიგაციების ბაზრის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს სამთავრობო სავალო ფასიანი ქაღალდების ბაზარი. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა სამთავრობო სავალო ფასიანი ქაღალდების მოცულობა ბაზარზე. ასევე, ვადიანობის მიხედვით მოხდა სახაზინო სავალო ფასიანი ქაღალდების დივერსიფიცირება, რამაც ხელი შეუწყო ადგილობრივი ვალუტის სარგებლიანობის მრუდის უფრო ზუსტ შეფასებას (გრაფიკი 4).


 

კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით