ფინანსური ზედამხედველობის ინსტიტუციური არქიტექტურა და მისი სრულყოფის გზები

 

ოთარ გორგოძე
 

ფინანსური სექტორი ეკონომიკის ყველაზე რეგულირებადი სექტორია. არსებობს მისი რეგულირების ინსტრუმენტების შესახებ ჩამოყალიბებული საერთო ხედვა, რომელიც ასახულია ბაზელის კომიტეტისა და ფინანსური სტაბილურობის საბჭოს დოკუმენტებში, ასევე ევრო-დირექტივებში, სადაც მოცემულია ის ძირითადი მიდგომები, რომლებიც ფინანსური ბაზრების რეგულირების დროს უნდა იქნას გამოყენებული. თუმცა, საკითხი იმის შესახებ, თუ როგორი ინსტიტუციური არქიტექტურაა საჭირო აღნიშნული რეგულირების დამკვიდრებისათვის,  ნაკლებად განიხილება. მაგალითად, მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამომწვევი მიზეზების აღწერისა და მათი აღმოფხვრის მიზნით შედგენილ ყველაზე ცნობილ ანგარიშებშიც კი (Turner, 2009 და Larosière, 2009) არ არის გაანალიზებული, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ინსტიტუციური მიდგომა ფინანსური ზედამხედველობისადმი. და ეს მაშინ, როდესაც ყველგან ნახავთ ჩანაწერს იმის შესახებ, რომ ეფექტური ზედამხედველობა რეგულირების ინსტრუმენტების დანერგვის აუცილებელი წინაპირობაა.მისი უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელი კი მისი ინსტიტუციური მოწყობაა.


მიუხედავად ამისა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საზედამხედველო სისტემის მოწყობა მსოფლიოს გარშემო დინამიურ ევოლუციას არ განიცდის. ერთ დროს ფართოდ გავრცელებული კლასიკური მოდელი, სადაც საბანკო, სადაზღვევო და ფასიანი ქაღალდების სექტორების ზედამხედველობა განცალკევებული იყო, დღეს უფრო გამონაკლისია, ვიდრე წესი. კლაივის მიხედვით (Clive 1999) ზედამხედველობის ორგანიზაციული სტრუქტურა ეფექტიანობას მაშინ აღწევს, როდესაც ის ერგება ფინანსური ბაზრების განვითარებას და ფუნდამენტურ ცვლილებებს რეგულირების ქვეშ მყოფ ინსტიტუტებში. მაგალითად, ფინანსური კონგლომერატების წარმოქმნამ აშკარა გახადა, რომ სხვადასხვა ფინანსურ ზედამხედველს შორის გავლებული საზღვრები აღარ ასახავდა ფინანსური ინდუსტრიაში არსებულ ეკონომიკურ რეალობას. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკი აწარმოებს გამოკითხვას 100-მდე ქვეყნის ფინანსური ზედამხედველობის სხვადასხვა მახასიათებლების შესახებ (World Bank, 2013). მოცემულ მონაცემებში, არის ინფორმაცია ინსტიტუციური მოწყობის შესახებ. დიაგრამა 1-ზე გამოსახული მოცემული ემპირიული მონაცემები ცხადყოფენ, რომ სახეზეა ფინანსური ზედამხედველობის ინტეგრირების მნიშვნელოვანი ტენდენცია. ხდება როგორც ზედამხედველობის, ისე მომხმარებელთა დაცვის ინტეგრირება. აღსანიშნავია, რომ მელეკისა და პოდპერას (Melecky and Podpiera, 2012) მიხედვით, მცირე და  ღია ეკონომიკები ინტეგრაციის უფრო მაღალი  ტემპით ხასიათდებიან.

 

სტატია სრულად

 

 

კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით