იპოთეკური სესხები

ბინის ან სახლის შეძენა მეტად საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა, მით უმეტეს, თუ ამ მიზნისთვის ბანკიდან (ან სხვა გამსესხებლისგან) სესხის აღებაც გჭირდებათ. იპოთეკური სესხების შემთხვევაში, თვითონ ის უძრავი ქონება, რომლის შესაძენადაც იღებთ სესხს, განიხილება უზრუნველყოფად, და მისი განკარგვის უფლება ენიჭება ბანკს მანამ, სანამ მსესხებელი არ მოახდენს ვალდებულების სრულად დაფარვას. ბინის ან სახლის უზრუნველყოფაში ჩადება ბანკისთვის რისკის აცილების ერთ–ერთი გზაა: იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი ვერ შეძლებს საკუთარი სესხის დაფარვას, მაშინ ბანკი მოახდენს უზრუნველყოფაში ჩადებული ქონების რეალიზაციას, ანუ, გაყიდვას. იპოთეკურ სესხებს ხშირად სახლის გასარემონტებლად, ან ასაშენებლადაც იყენებენ. ამგვარი სესხები, ჩვეულებრივ, გრძელვადიანია, და მათზე საპროცენტო განაკვეთი შეიძლება იყოს როგორც ფიქსირებული, ისე ცვლადი, ანუ, გარკვეულ ინდექსზე მიბმული (მაგ: ლარისთვის  -  სებ-ის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე, დოლარისთვის – "ლიბორზე" და ა.შ.).

ამ ვიდეო-გაკვეთილში განხილულია ფიქსირებულგანაკვეთიანი და ცვლადგანაკვეთიანი იპოთეკური სესხები, თანამონაწილეობისა და უზრუნველყოფის მნიშვნელობა, და იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებული სხვა საკითხები. ამასთან, დეტალურადაა გარჩეული ფიქსირებულგანაკვეთიანი სესხის რეალისტური მაგალითი, რომლის გრაფიკიც ექსელში შექმნილ "იპოთეკური სესხის კალკულატორშია" წარმოდგენილი. მოცემულ მაგალითში კარგად არის ნაჩვენები, თუ როგორ ხდება ყოველთვიური შენატანის გამოთვლა, როგორ ერიცხება სესხს პროცენტი და ყოველთვიური შენატანის რა ნაწილია მიმართული სესხის ძირის, ხოლო რა ნაწილი – პროცენტის დასაფარად (და როგორ იცვლება ეს დინამიკა დროის გასვლასთან ერთად).

აღნიშნული კალკულატორი დაინტერესებულ მსმენელებს შეუძლიათ ჩამოტვირთონ საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებლის გვერდიდან - http://nbg.gov.ge/cp. კალკულატორში მომხმარებლებს შეუძლიათ შეცვალონ რიგი მონაცემები  - სესხის ვადა, წლიური საპროცენტო განაკვეთი, სესხის მოცულობა და თანამონაწილეობის თანხა – რათა უკეთ მოარგონ ისინი საკუთარ სიტუაციას. კალკულატორის გამოყენების წესები დეტალურად სწორედ დღევანდელ ვიდეო-გაკვეთილშია მოცემული.

ვიდეოში მოწოდებული ინფორმაცია დაგეხმარებათ გაერკვეთ თქვენი იპოთეკური სესხის ნიუანსებში. ზოგადად კი, ძალიან მნიშვნელოვანია იპოთეკური სესხის ყველა პირობა და შესაძლო რისკი განიხილოთ თქვენს მომსახურე ბანკთან სანამ სესხის აღებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდეთ.


 

ყველა ვიდეო


კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით