ფასწარმოქმნა სესხებზე და კონკურენცია საქართველოს საბანკო სექტორში

პაპუნა ლეჟავა
 

უკანასკნელ ხანებში საზოგადოებაში ხშირად საუბრობენ სესხების საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზე. მედიაში გავრცელდა აზრი, რომ  საბანკო სექტორში კონკურენციის დაბალი დონის გამო, საქართველოში საპროცენტო განაკვეთები ხელოვნურად არის გაზრდილი.

 

წინამდებარე სტატიის მიზანია, განხილულ იქნას თუ რა კომპონენტებისგან შედგება სესხის საპროცენტო განაკვეთი, რათა საშუალება მისცეს მკითხველს უფრო კვალიფიციურად შეაფასოს სასესხო განაკვეთების დონის განმაპირობებელი ფაქტორები და დაინახოს მისი შემცირების რეალური გზები. სტატიის მეორე ნაწილში განხილულია საბანკო სისტემაში კონკურენციის ამსახველი სხვადასხვა ფაქტი და მათ საერთაშორისო ჭრილში წარმოადგენს. სტატიის ბოლოს გამოკვეთილია სესხების საპროცენტო განაკვეთების შემცირების სამი გზა, რომელთა განხორციელების მიმართვას, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ეფექტი  ჰქონდეს.

 

ანალიზის შედეგად შეიძლება რამდენიმე დასკვნის გამოტანა: 1) სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირება ხარჯების არსებული სტრუქტურის პირობებში რთულია. თუმცა, არსებობს ხარჯების ნაწილის კლების პოტენციალი (დეტალურად იხ. ქვემოთ), რაც მატერიალიზაციის შემთხვევაში, სესხებზე პროცენტების კლებაში აისახება; 2) მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საბანკო სისტემაში კონცენტრაცია დიდია (რაც ზოგადად დამახასიათებელია პატარა ეკონომიკისა და მცირე ზომის ფინანსური სისტემის მქონე ქვეყნებისთვის), კონკურენციის დონე საკმაოდ მაღალია. კონკურენცია ზღუდავს მომგებიანობას, რაც ნათლად აისახება კაპიტალზე ამონაგების ისტორიულ დაბალ დონეში (ბოლო 10 წლის განმავლობაში საშუალო ROE  8%-ს უტოლდება); 3) ქვეყანაში მაღალია საკრედიტო რისკები, რომელთა ფასი სესხის საპროცენტო განაკვეთში იდება და დაახლოებით 4%-ით ზრდის მას.  საკრედიტო რისკის შემცირება შესაძლებელია ბანკებში რისკების მართვის ფუნქციის უფრო მეტად დახვეწით; 4) კაპიტალისა და ლიკვიდობის საზედამხედველო მოთხოვნების ცვლილებას სასესხო განაკვეთზე სხვა ფაქტორებთან შედარებით უმნიშვნელო გავლენა აქვს.

 

ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული პუბლიკაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ მიმართულებით კვლევების შემდგომ გაგრძელებას. 

 

სტატია სრულად

კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით