კვიპროსის წარმატების პრობლემები

არჩილ მამათელაშვილი
 

1960 წელს კვიპროსი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა, რასაც „მიძინებული“ ეთნიკური კონფლიქტის ესკალაცია მოჰყვა. 1974 წელს, დაპირისპირებამ პიკს მიაღწია. საბერძნეთის მხარდაჭერით განხორციელებულ სახელმწიფო გადატრიალებას, თურქეთის მიერ კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილის სამხედრო ინტერვენცია მოჰყვა. ამის შედეგად კვიპროსი დე-ფაქტო ორ ნაწილად გაიყო (ჩრდილოეთ კვიპროსის დამოუკიდობლობა მხოლოდ თურქეთმა აღიარა).

 

გაყინული კონფლიქტის მიუხედავად, კვიპროსმა 1975 წლიდან ეკონომიკის განვითარების ახალი გზების ძიება დაიწყო. 1961-1973 წლებში კვიპროსის ეკონომიკის მნიშნვნელოვან ნაწილს მინერალური რესურსებისა (სპილენძი და ასბესტი) და ციტრუსების ექსპორტი შეადგენდა. ქვეყანამ მე-20 საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში მსუბუქი მრეწველობის განვითარების ხელშეწყობა სცადა. თუმცა, რეალური ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში 70-იანი წლების ბოლოსა და 80-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, როდესაც ეკონომიკის განვითარების მთავარი მიმართულება საერთაშორისო ტურიზმი და ფინანსური მომსახურება გახდა. სახელმწიფომ რესურსების დიდი ნაწილი შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებისა და განათლების დონის გაუმჯობესებისაკენ მიმართა. ეს უკანასკნელი განათლების სისტემის განვითარების, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სწავლების ხელშეწყობაში გამოიხატა. დღეისათვის კვიპროსის მოსახლეობის განათლების დონე ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ევროკავშირში. ერთ სულ მოსახლეზე განათლებაზე დახარჯული თანხის მიხედვით, კვიპროსი ევროკავშირის ქვეყნების სამეულში შედის (დანიასა და შვედეთთან ერთად). ამასთან, შემუშავდა შესაბამისი ფისკალური პოლიტიკა და საკმაოდ შემცირდა ბიუროკრატიული ბარიერები (გამარტივდა კომპანიების რეგისტრირებისა და მართვის პროცედურები, შემცირდა გადასახადები).

 

ამჟამად, ქვეყნის ეკონომიკის ძირითად ნაწილს მომსახურების სექტორი წარმოადგენს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის (GDP) დაახლოებით 73 პროცენტი და დასაქმებული მოსახლეობის 75 პროცენტია. ტრადიციული სოფლის მეურნეობისა და წიაღისეულის მოპოვების სექტორები GDP-ის მხოლოდ 3 პროცენტს და სამუშაო ადგილების 4 პროცენტს შეადგენს. მრეწველობა GDP-ს 5,6 პროცენტია, სადაც შრომისუნარიანი მოსახლეობის 7,9 პროცენტია დასაქმებული.

 

ფინანსური და ბიზნეს მომსახურების ძირითადი მიმართულებებია: საბანკო და სადაზღვევო მომსახურება, აქტივებისა და ფონდების მართვა-ადმინისტრირება, გადასახადების ოპტიმალური კორპორატიული სტრუქტურების შექმნა, აუდიტორული მომსახურება და სხვ. რეგისტრირებული საზღვაო ტრანსპორტირების კომპანიების მფლობელობაში არსებული გემების რაოდენობის მიხედვით, კვიპროსი მსოფლიოში მეათე ადგილზეა. ქვეყნის ბანკები მომსახურებას უწევენ ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის მრავალ კომპანიასა და რეზიდენტებს. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია რუსული კომპანიები, რომლებიც კვიპროსს, როგორც ოფშორულ ცენტრს ისე იყენებდნენ და აქ დაარსებული კომპანიების საშუალებით აწარმოებდნენ კაპიტალის მოძრაობის მართვას რუსულ კომპანიებში.

 

სტატია სრულად

კომენტარები
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით