კითხვა–პასუხი ინვესტორებისთვის
კითხვა 1. რა არის სახაზინო ვალდებულება?
სახაზინო ვალდებულება არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული ერთ წლამდე ვადიანობის დისკონტური ფასიანი ქაღალდი, რომელიც იყიდება დისკონტით, ანუ ნომინალზე დაბალ ფასად. დისკონტის სიდიდე განისაზღვრება აუქციონზე. სახაზინო ვალდებულების მფლობელი დაფარვის ვადის დადგომისას ფინანსთა სამინისტროსგან იღებს ნომინალის ტოლ თანხას. სხვაობა ნომინალსა და შესყიდვის ფასს შორის წარმოადგენს მფლობელის შემოსავალს.
კითხვა 2. რა ფორმით ხდება სახაზინო ვალდებულებების გამოშვება?
სახაზინო ვალდებულების გამოშვება ხდება ეროვნული ვალუტით, არამატერიალი–ზებული ფორმით. ეს იმას ნიშნავს, რომ სახაზინო ვალდებულებები არ არსებობს ქაღალდის ფორმით, მათ შესახებ ინფორმაცია ინახება ბანკში ელექტრონული ჩანაწერის სახით.
კითხვა 3. ვინ უშვებს სახაზინო ვალდებულებებს?
სახაზინო ვალდებულებებს უშვებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
კითხვა 4. როგორ ხდება სახაზინო ვალდებულებების გაყიდვა?
სახაზინო ვალდებულებების გაყიდვა ხდება აუქციონის მეშვეობით. აუქციონი ტარდება მრავალი ფასის მეთოდით. მრავალი ფასის მეთოდი გულისხმობს შემდეგს: კონკურენტულ აუქციონში მონაწილე ინვესტორები აუქციონის განაცხადში უთითებენ, თუ რა შემოსავლანობის მიღება სურთ მათ ინვესტიციაზე (ანუ უთითებენ საპროცენტო განაკვეთს). გამარჯვებული განაცხადები კმაყოფილდება განაცხადში მითითებული საპროცენტო განაკვეთით. თავდაპირველად დაკმაყოფილდება ის განაცხადები, სადაც დაბალი საპროცენტო განაკვეთებია მითითებული, შემდგომ უფრო მაღალი და ა.შ. მანამ სანამ მთლიანად არ გაიყიდება აუქციონზე გამოტანილი ფასიანი ქაღალდები.
კითხვა 5. ვინ ატარებს აუქციონს?
აუქციონს ატარებს საქართველოს ეროვნული ბანკი ელექტრონული სავაჭრო სისტემის მეშვეობით. აუქციონს წარმართავს საქართველოს ეროვნული ბანკის საბაზრო ოპერაციების ჯგუფი, რომელიც შედგება ეროვნული ბანკის თანამშრომლებისგან. საბაზრო ოპერაციების ჯგუფი არის სპეციალურად შექმნილი პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ატარებს ეროვნული ბანკის ყველა მონეტარულ ოპერაციას და ასევე სახაზინო ვალდებულებების აუქციონებს.
კითხვა 6. როგორ შეგიძლიათ აუქციონში მონაწილეობის მიღება?
აუქციონში მონაწილეობისათვის კლიენტი მიმართავს კომერციულ ბანკს. მოქმედი დებულების თანახმად, კომერციული ბანკი ვალდებულია თავისი კლიენტებისთვის შეიმუშავოს სახაზინო ვალდებულებებით ოპერაციების პროცედურები, რომელიც მოიცავს მომსახურების ტარიფებს, განაცხადის ფორმებს და სტანდარტულ ხელშეკრულებებს. კლიენტი პროცედურების მიხედვით ავსებს ფორმებს, რის შემდეგაც კომერციული ბანკი აუქციონზე ყიდულობს ფასიან ქაღალდს კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად.
კითხვა 7. ვის შეუძლია იყოს ფასიანი ქაღალდის მფლობელი?
ფასიანი ქაღალდის მფლობელი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, მათ შორის კომერციული ბანკი, ასევე რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირი. ფასიან ქაღალდს შესაძლოა ყავდეს ნომინალური მფლობელი – ბაზრის შუამავალი, რომელსაც მესაკუთრე წერილობითი ხელშეკრულებით ანიჭებს რეესტრში სახაზინო ვალდებულებების თავის სახელზე აღრიცხვის და მათი განკარგვის (ყიდვის, გაყიდვის, დაგირავების) უფლებას.
კითხვა 8. როგორ ვიყიდოთ ფასიანი ქაღალდი მეორად ბაზარზე?
ფასიანი ქაღალდის მეორად ბაზარზე შესაძენად მსურველმა უნდა მიმართოს კომერციულ ბანკს.
კითხვა 9. როგორ ხდება ფასიანი ქაღალდებიდან მიღებული შემოსავლის დაბეგვრა?
სახელმწიფო ფასიანი ქაღალდიდან მიღებული შემოსავალი არ იბეგრება.
კითხვა 10. რა შემოსავლიანობა აქვს ფასიან ქაღალდს?
ფასიანი ქაღალდის მფლობელისთვის, რომელიც სახაზინო ვალდებულებას ინახავს ყიდვის დღიდან მისი ვადიანობის ამოწურვამდე, შემოსავალი არის ამ ფასიანი ქაღალდის ნომინალსა და შესყიდვის ფასს შორის სხვაობის ტოლი. თუკი მფლობელი ფასიან ქაღალდს გაყიდის ვადიანობის ამოწურვამდე, ამ შემთხვევაში ფასიანი ქაღალდის ფლობიდან შემოსავალი არის მისი ყიდვისა და გაყიდვის ფასებს შორის სხვაობა.
კითხვა 11. რა განსხვავებაა კონკურენტულ და არაკონკურენტულ განაცხადს შორის?
კონკურენტული განაცხადი მონაწილეობს აუქციონში და გამარჯვების შემთხვევაში კმაყოფილდება განაცხადში მითითებული ფასით; არაკონკურენტული განაცხადი არ მონაწილეობს აუქციონში და კმაყოფილდება აუქციონზე დაფიქსირებული საშუალო შეწონილი ფასით. კონკურენტული განაცხადის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50,000 ლარს, ხოლო ერთი არაკონკურენტული განაცხადის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 20,000 ლარს.
კითხვა 12. სად ქვეყნდება ინფორმაცია აუქციონის ჩატარების შესახებ?
ყოველი კვარტლის დაწყებამდე ფინანსთა სამინისტრო აქვეყნებს ემისიის კალენდარს მომდევნო სამი თვისთვის, რომელიც მოიცავს ინფორმაციას აუქციონის ჩატარების თარიღების, სახაზინო ვალდებულებების ემისიის ვადიანობისა და მოცულობის შესახებ.
აუქციონამდე არანაკლებ ხუთი კალენდარული დღით ადრე ფინანსთა სამინისტრო აქვეყნებს ინფორმაციას აუქციონის ჩატარების შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში და სამინისტროს ვებ–გვერდზე.
კითხვა 13. სად ქვეყნდება ინფორმაცია აუქციონის შედეგების შესახებ?
აუქციონის შედეგების ამსახველი ძირითადი პარამეტრები ქვეყნდება ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის ვებგვერდებზე არაუგვიანეს აუქციონის ჩატარების დღისა.
კითხვა 14. როგორ გავიგო, ჩემმა განაცხადმა გაიმარჯვა თუ არა?
ამის შესახებ კომერციული ბანკი აცნობებს საკუთარ კლიენტს;
კითხვა 15. სად შეიძლება ჩემი ფასიანი ქაღალდის საბაზრო ფასის გაგება?
ფასიანი ქაღალდის საბაზრო ფასის გაგება შესაძლებელია კომერციული ბანკების ვებ–გვერდებზე.
კითხვა 16. როგორ ხდება ფასიანი ქაღალდების აუქციონზე შესყიდვის ფასის დადგენა?
ერთი სახაზინო ვალდებულების შესყიდვის ფასი გამოიანგარიშება შემდეგნაირად:
შესყიდვის ფასი= (ნომინალური ღირებულება)/
(1+((საპროცენტო განაკვეთი)/100×(დაფარვამდე დღეების რაოდენობა)/365) )
|